ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგია

თბილისი (BPI) – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. სააგენტომ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად შეიმუშავა და ექვსი ახალი ინვესტიციების სამიზნე პოტენციური სექტორიც შეარჩია, – ამის შესახებ სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქრისტინე მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

როგორც სააგენტოს საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სააგენტო აღნიშნულ სტრატეგიაზე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია) ერთად ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.

მეფარიშვილის თქმით, ექვსთვიანი კვლევის პერიოდში სააგენტომ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად 40-მდე ქვესექტორი დეტალურად შეისწავლა და პრიორიტეტულად ის სექტორები გამოარჩია, რომელსაც ინვესტიციების კუთხით ქვეყნისთვის ყევლაზე დიდი პოტენციალი აქვს და იმავდროულად საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიასთანაც თანხვედრაშია. პრიორიტეტულ სექტორებში ტრადიციულ დარგებთან ერთად ახალიც შევიდა.

„პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტრადიციულად შემომტანი სექტორები: უძრავი ქონება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. თუმცა რამდენიმე ახალი სექტორიც გვაქვს, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველში, მათ შორის ე.წ. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი და ზოგადად მომსახურების აუთსორსიგნი (როდესაც კომპანია რესურსებს ბიზნესის წარმოების გარკვეული პროცედურების შესასრულებლად გარედან ხშირად უცხოეთიდან იზიდავს); წარმოების რამდენიმე ქვესექტორი – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ავტო და თვითმფრინავის ნაწილების წარმოება, ელექტრო კომპონენტების და ნაწილების წარმოება“, – განაცხადა მეფარიშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პრიორიტეტული სექტორები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა, მათ შორის აქცენტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის პოტენციალზე გაკეთდა.

„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საერთაშორისოდ მიღებული მეთოდოლოგია გამოიყენა და შეფასება მრავალი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. მაგალითად, შევარჩიეთ სექტორები, რაც ბევრ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის, ექსპორტზეა ორიენტირებული, ქვეყნაში ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოტანა შეუძლია. ასევე ის სექტორები, რომლებიც ზოგადად მსოფლიო და რეგიონის მასშტაბით მზარდია და სადაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს“, – აღნიშნა მეფარიშვილმა.

ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ახალი საინვესტიციო სტრატეგია დიდი გამოწვევაა და ის რომ სისრულეში მოვიდეს, სააგენტო დაახლოებით 7-8 ათას პოტენციური ინვესტორ კომპანიას უნდა დაუკავშირდეს, საიდანაც სავარაუდოდ 30 პროექტი იქცევა რეალობად.

„7-8 ათასი კომპანიასთან დაკავშირების შედეგი იქნება ორი წლის მანძილზე დაახლოებით 30 განხორციელებული პროექტი. რეალურად წარმატებული შედეგის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ამიტომ ეს სამუშაო შრომატევადია. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს 30 ახალი პროექტი არ იქნება ენერგეტიკაში, ლოგისტიკაში და ასე ვთქვათ, ტრადიციულ სექტორებში. ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოს ახალ სექტორებში“,-აცხადებს მეფარიშვილი.

მისივე განმარტებით, საქართველოდან მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის მომსახურების მიწოდება ნამდვილად ხდება, თუმცა კონკრეტულად ბრენდების დასახელება არ შეიძლება, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

სააგენტო მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ინევსტიციების მოზიდვა ტრადიციულის გარდა ახალ სექტორებშიც მოხდება, როგორიცაა ე.წ. მომსახურების აუთსორსინგი (როდესაც კომპანია რესურსებს ბიზნესის წარმოების გარკვეული პროცედურების შესასრულებლად გარედან, ხშირად უცხოეთიდან იზიდავს); ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ავტო და თვითმფრინავის ნაწილების წარმოება, ელექტრო კომპონენტების და ნაწილების წარმოება.

როგორც მეფარიშვილი განმარტავს, ე.წ. აუთსორსინგის სექტორი, რომლის განვითარებასაც 2-3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს 3500 კაცს ასაქმებს.

„ეს ძალიან ახალი სექტორია საქართველოსთვის. 2-3 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველოში ეს სექტორი განვითარდებოდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის მანძილზე დაახლოებით 3500 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი (იგულისხმება ბიზნეს-პროცესების მომსახურების მიწოდება). ეს სერვისები მოიცავს ისეთ მარტივ მომსახურებას, როგორიც არის ქოლცენტრი, ონლაინჩატი. გარდა ამისა, მოიცავს ცოდნაზე დაფუძნებულ სერვისებს, როგორიც არის ფინანსური, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების აუთსორსინგი. მაგალითად ამერიკული კომპანია „ბეისფორი“ საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების აუთსორსინგს აკეთებს და ამერიკაში აშენებული 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნახაზების ნაწილი თბილისში მუშავდება“, – განმარტა მეფარიშვილმა.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ცნობილი ბრენდები, როგორიცაა ტექნოლოგიური კომპანიები „ამაზონი“ და „ეფლი“, ასევე გერმანული ფლაგმანი ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“ თავისი ბიზნესპროცედურების ნაწილს საქართველოში აწარმოებს. მეფარიშვილმა ინფორმაციის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული ბრენდები საქართველოში მომსახურებას მართლაც იღებენ.

„მე არ შემიძლია დადასტურება, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველოდან ნამდვილად ხდება მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი ბრენდებისთვის აუთსორსინგი და სერვისების მიწოდება“, – განაცხადა მეფარიშვილმა.

ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არც ის დამალა, რომ სააგენტო მოცემულ მომენტში ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან მოლაპარაკებას აწარმოებს და წარმატებასაც ელოდება.

„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან, მათ შორის ერთ-ერთი ავტონაწილებს ძალიან ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს. ველოდებით მათ საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგადად ავტონაწილების და თვითმფრინავის ნაწილების სექტორი ჩვენთვის ყველაზე ახალია და მომდევნო წლებში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, რადგან საბჭოთა კავშირის მერე ავტომიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა. თუმცა ამ ეტაპზე რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება და ველოდებით, რომ შემდეგ წელს სულ ცოტა ორი ახალი საწარმოს მშენებლობა უნდა დაიწყოს. 100 პროცენტით ჯერ ვერ ვამბობ, თუმცა დიდი ნაწილით ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, – ქრისტინე მეფარიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …