ივანე ჯავახიშვილმა ვაზის 420 ჯიში აღწერა, მაგრამ ბუნებაში მეტია გაბნეული

ქართული ვაზის ჯიშები – ეროვნული საგანძური

მცხეთიდან 15 კილომეტრის დაშორებით, პატარა სოფელ ჯიღაურაში ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვართ. მზის გულზე ჩამწკრივებული რიგები დაუსრულებლად ენაცვლება ერთმანეთს. საგულდაგულოდ დამუშავებულ, სამოც ჰექტარ მიწაზე ქართული ვაზის 430 უნიკალური ჯიში ერთადაა თავმოყრილი. აქ ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება, გამრავლება, კონსერვაცია; საძირე და სანამყენე ახალი ჯიშებისა და კლონების შერჩევა ხდება.

 

ვაზის უნიკალური ჯიშების ცნება აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილსა და პროფესორებს – ვალერიან ქანთარიასა და მაქსიმე რამიშვილს უკავშირდებათ. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მთავარი – მოსავლის რაოდენობა, ხარისხი კი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რაოდენობრივად ცოტა, მაგრამ უნიკალური ჯიშების გაქრობის საშიშროება გაჩნდა. 60-იან წლებში ამ ადამიანებმა ქართული ვაზის 425-ზე მეტ იშვიათ ჯიშს მოუყარეს თავი და ანდერძიც დაიბარეს – თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია, ჩვენი ვალია დავიცვათ ისინი, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთო.

ამ ანდერძის შესრულება აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილისთვის 88 წლის ასაკშიც კი უცვლელი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესია. მთელი შეგნებული ცხოვრება ვაზის სიყვარულსა და მასზე ზრუნვას მიუძღვნა. დავყვებით ვენახის რიგებში და თითოეულ ჯიშს ისე გვაცნობს, როგორც ადამიანს.

 

„ეს იშვიათი ჯიშები განუმეორებელ საგემოვნო თვისებებს მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში ამჟღავნებენ. მარტო ჯიში არა, ის ადგილიც გამორჩეულია, სადაც ის ხარობს. უნიკალურობას ჯიშისა და ადგილმდებარეობის კომბინაცია ქმნის.“

 

ქართული ღვინის ამოუცნობი გემოს საიდუმლო, ლანდშაფტური მრავალფეროვნებისა და ჯიშის უნიკალურობასთან ერთად, დამზადების ტექნოლოგიაა.

„ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია უკვე აღიარეს როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი. ეს ნამდვილად ქართული მიგნებაა, რომელსაც დღეს უკვე სხვა ქვეყნებიც ნერგავენ. ქვევრი სულ სხვა გემოს აძლევს ღვინოს. ცნობილი ფრანგული კონიაკის სახლის – Camus-ის დამაარსებელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი საქართველოში იყო ჩამოუსული. მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდა ქართულ ღვინოს. ასე მიპასუხა, ქართული ღვინო მოწინავე ადგილს დაიკავებს პარიზშიც კიო.“

 

ამ სიტყვებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ქართული ღვინო წარმატებით გადის ცენტრალური აზიის, ყოფილ საბჭოთა და სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკაში და უკვე ჩინეთშიც კი, სადაც ბაზარი სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

უნიკალური ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ქართული ღვინის გემო საქართველოს უცვლელი სავიზიტო ბარათია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მოთხოვნა კი სულ უფრო იზრდება. ამიტომ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, თიბისი ბანკი ფერმერებს ვაზის იშვიათი საღვინე ჯიშების გასაშენებლად სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს. კახეთში – მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლში – გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური; იმერეთში – ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური; სამეგრელოში – ოჯალეში; გურია-აჭარაში – ჩხავერი; ხოლო რაჭაში – ალექსანდროული და მუჯურეთული. სესხის პირობების თანამად, ფერმერი სესხის დაფარვას 5 წლის შემდეგ, გაშენებული ვენახიდან მიღებული შემოსავლებით იწყებს.

„ივანე ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში 420 ვაზის ჯიში აღწერა, მაგრამ დაგვიბარა, რომ ამით არაფერი მთვარდება – საქართველოს ბუნებასა და ხალხში კიდევ არის გაბნეული ბევრი ჯიში, რომელსაც მოძიება სჭირდება. ძველი და ახალი თაობების შრომამ იშვიათი ჯიშები გადაარჩინა და დღევანდელ დღემდე მოიყვანა, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ახალგაზრდებს დღეს მეც იგივეს გავუმეორებდი, რაც თავის დროზე ჩემმა მასწავლებლება დაგვიბარეს: აღმოაჩინეთ, შეაგროვეთ და გაამდიდრეთ ჩვენი განძი.“  თიბისის ბიზნესბლოგი

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …