იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 41.2%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (47.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 779.1 მლნ. აშშ დოლარს (38.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარში, 447.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.

“საქპატენტის” ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ბულგარეთი (49.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (42.7 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (141.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (85.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (75.2 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (168.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (122.0 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით (9.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …