თბილისი (BPI) – თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წევრებს, დონორებსა და არასამთავრობი სექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
ზუგდიდში, ჩატარეულ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენციაზე ორგანიზაციის წევრმა ფერმერებმა თხილის მოსავლიანობის ზრდისთვის საჭირო აგრო ღონისძიებებსა და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებზე მიიღეს ინფორმაცია.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. იმსჯელეს შხამქიმიკატებსა და სასუქებთან დაკავშირებით, ასევე ფერმერებისთვის საჭირო საფინანსო პროდუქტებზე.
ცნობილი გახდა, რომ თხილის მწარმოებელთა ასოციაცია სახელმწიფოს, USAID – სა და ფერეროს დაფინანსებით, „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამას“ 2020 წელსაც გააგრძლებს. იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის შეძენა.
ფერმერებმა არჩევნების გზით აირჩიეს 5 წევრისგან დაკომლექტებული ასოციაციის მმართველი საბჭო და თავმჯდომარე – მერაბ ჭითანავა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კი ისევ გიორგი თოდუა გააგრძელებს.
ღონისძიების დასასრულს წარმატებულ ფერმერებს საჩუქრები გადაეცათ, ნაწილმა კი – ასოციაციის ობიექტებზე, ფასდაკლების ვაუჩერები მიიღო.
„ეს იყო ასოციაციის წლიური ანგარიშის წარდგენა, სიახლეების გაცნობა ფერმერებისათვის. საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს, ბანკების წარმომადგენლებმა ახალი საბანკო პროდუქტები გააცნეს მონაწილეებს. სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებმა კი თავიანთი ახალი პროდუქტები წარადგინეს. ამ კონფერენციის გენერალური სპონსორია შხამქიმიკატების იმპორტიორი კომპანია. მათ ახალი პრეპარატებისა და განახლებული ფასების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების შესავალ ნაწილში, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ჩვენი მთავარი დონორების, სახელმწიფოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, USAID-ისა და FERRERO-ს წარმომადგენლებიც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. პირველი – შხამქიმიკატებსა და სასუქებთან დაკავშირებით. მეორე – ფინანსურ პროდუქტებზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 15,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა – მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა.
2019 წელს ასოციაციის მიერ განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის შეძენას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავად ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ასევე – თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები, ფინანსური ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.