თურქული ლირის ბოლოდროინდელი სისუსტე ლარისთვის ნეგატიურია – თიბისი კაპიტალი

აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენს მოლოდინებთან შედარებით უფრო მაღალია, რაც ჩვენი პროგნოზის დაახლოებით 7%-მდე გაზრდის არგუმენტია, – აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ ანგარიშში.

მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია, რაც მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით უნდა იყოს გამოწვეული;

როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური ინდიკატორების დინამიკა ლარის კურსის მიმართ სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს, რაც უცხოური ვალუტის დეპოზიტების გაძლიერებულ ზრდაში გამოიხატება;

თუკი დეპოზიტებისა და სესხების მოცულობებს უცხოური ვალუტის შემოდინებებს შევადარებთ, ნათელი გახდება, რომ მათი მცირე ცვლილებაც კი ისეთივე გავლენას ახდენს ლარის კურსზე, როგორიც ექნებოდა ე.წ საგარეო შოკს, მაგალითად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ვარდნა და სხვ;

„ჩვენი აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას;

წინამორბედი მნიშვნელოვანი ინტერვენციებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ბაზრის მონაწილეთათვის იმავე დღეს იყო ხელმისაწვდომი, რაც დიდი ალბათობით გაცვლითი კურსის მოლოდინებზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად;

თურქული ლირის ბოლოდროინდელი სისუსტე ლარისთვის ნეგატიურია, თუმცა, ამ კონტექსტში, ჩვენი ადრინდელი შეფასებებით: ა) სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება და ბ) ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას ვიდრე ადგილობრივ წარმოებას;

ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიტიურ მოლოდინებს წმინდა შემოდინებების კუთხით, თუმცა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან საშუალო გაცვლითი კურისისა (REER) და ინფლაციის მხრივ შეფასება ნეგატიურია;

ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება“, – აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …