თურქეთის ეკონომიკური პერსპექტივა 2026 წლისთვის

თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლის პირველი კვლევის მიხედვით, ექსპერტები 2026 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ პროგნოზებს აკეთებენ. კვლევაში მონაწილეობა 72-მა ექსპერტმა მიიღო, რომელთა უმრავლესობა ფინანსურ სექტორს წარმოადგენს.

ექსპერტების ვარაუდით, 2026 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაციის დონე 23.23%-მდე შემცირდება. შედარებისთვის, 2025 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 30.89%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უფრო ამბიციურ მიზანს — ინფლაციის 20%-მდე ჩამოყვანას ისახავს, ბაზრის მონაწილეები მაინც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელიან.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, პროგნოზირებულია მისი მცირედით შემცირება 36.43%-მდე (2025 წლის ბოლოს არსებული 38%-დან), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა კვლავ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს ფასების სტაბილურობისთვის.

ეროვნული ვალუტა და ეკონომიკური ზრდა

კვლევის მიხედვით, თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს:

  • მიმდინარე კურსი (16 იანვარი): 43.28 ლირა / $1

  • პროგნოზი წლის ბოლოსთვის: 51.17 ლირა / $1

ეკონომიკური ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 3.9%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ემთხვევა მთავრობის გეგმებს. თუმცა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s შედარებით ფრთხილ პროგნოზს აკეთებს და 3.4%-იან ზრდას ვარაუდობს.

ექსპერტების აზრით, 2026 წელი თურქეთისთვის იქნება ეკონომიკური “გაჯანსაღების” წელი, თუმცა ვალუტის სტაბილურობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

შემთხვევითი სიახლე

რატომ აქვს ყავის ჭიქის თავსახურს პატარა ნახვრეტი?

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომელიც სასმელის დასალევად განკუთვნილი ძირითადი ხვრელისგან განცალკევებით მდებარეობს, სინამდვილეში ფიზიკის კანონებს …