თბილისი (BPI) – კარგია, რომ სიტუაცია განიმუხტა – აცხადებს თიბისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით GBC-თან საქართველოს ბანკის აქციონერი, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიალ გვალია.
სააგენტომ სებ-ის ექს-პრეზიდენტებს (გიორგი ქადაგიძის გარდა) წინა წლებში ბანკების დაჯარიმების შემთხვევებზე გამოკითხა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ამაღლობელის პერიოდში დაჯარიმებულია მაშინდელი „კორ სტანდარტ ბანკი“ (ტერაბანკი). საზედამხედველო ნორმების დარღვევისთვის საბანკო ბაზრის თითქმის ყველა მოთამაშეა დაჯარიმებული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ბანკი ქართუ. მონიტორინგის პირობებთან ტრანზაქციის შეუსაბამობისთვის, სანქცირებულია ბანკი რესპუბლიკაც, რომელიც 2016 წელს, „სოსიეტე ჟენერალისგან“ „თიბისიმ“ იყიდა.
სებ-მა 2017 წლის ანგარიშში დაწერა, რომ ჯამში 1.9 მლნ ლარით, 2 ბანკი დააჯარიმა, ბანკების სახელი მაშინ ეროვნულ ბანკს არ დაუსახელებია.
„ეს არის კაპიტალის შევსება ეროვნული ბანკის გვერდის ავლით“, – ასეთ დეფინიციას აძლევს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ფულის გათეთრებაში დადანაშაულებულ „თიბისის საქმეს“ და აღნიშნავს, რომ ფულის გათეთრების ფაქტი „თიბისში“ არასდროს აღნიშნულა.
ბანკირები, საქართველოს ბაზარზე ხანგრძლივი საქმიანობის გამოცდილებით, აცხადებენ, რომ რეპუტაციული რისკის გათვალისწინებით, ბანკის დაჯარიმების ფაქტი ხშირად არც ხმაურდებოდა, – წერს სააგენტო.