თბილისი (BPI) – თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.
ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას.
თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“
ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.
ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.
გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.
ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.
ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.