თბილისი (BPI) – თბილისის საინვესტიციო მიმზოდველობაზე თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „Deloitte საქართველომ“ სექტორული კვლევა მოამზადა. კვლევის თანახმად, ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი თბილისის საინვესტიციოდ მიმზიდველი სექტორებია.
თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას თქმით, კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.
„გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, სადაც ზრდის მაღალი პოტენციალია. გამოკვეთილი სექტორებია ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი. შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სექტორი – პლასტიკური ქირურგია, ასევე, ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიდიოსექტორი ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი“, – განაცხადა ბასილაიამ.
კახა კალაძის თქმით, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის.
“კვლევაშიც კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გვქონდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და დავნერგეთ განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო – ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა – ნამდვილად არ გამოვა. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო განსაზღვრული. ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კვლევაზე დაახლოებით, 160 000 ლარამდე დაიხარჯა. კვლევა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა ინვესტორისთვის.
კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.
„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.