თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი G (Golf) ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, “საქაერონავიგაციის” დირექტორი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა ადზ-ს გამტარუნარიანობა”, აცხადეს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. აღნიშნულ პროექტში TAV Georgia-მ 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ახალი სამიმოსვლო ბილიკი, შუქ-სასიგნალო სისტემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ უზრუნველყო.

TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia–ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …