თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს.
„დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა – დაახლოებით, 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ. ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ათი ოპერაცია დავაფინანსეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, დაფინანსებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში არიან რეგისტრირებულნი.
„ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს მსგავსი ტიპის ოპერაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.