თაღლითური სქემებია, რომელსაც ვერც კი ვიფიქრებდი – გიორგი ნათენაძე ბიზნესპარტნიორებზე

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრასთან არსებულ ტერასულ მევენახეობასთან დაკავშირებით, მეღვინე, გიორგი ნათენაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ბიზნესმენებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან საქმიანი ურთიერთობა ვეღარ გრძელდება, რადგან მას უთხრეს, რომ „იქ აღარაფერი ესაქმება და ყველაფერი დამთავრდა“.

მესხური ტერასების აღდგენა 2012 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო, თუმცა მალევე გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომიდან, ტერასების აღდგენა მესხმა მეღვინემ, გიორგი ნათენაძემ, ორ ბიზნესპარტნიორთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად დაიწყო. საჯარო რეესტრზე არსებული ინფორმაციით, ამჟამად, შპს „ვარძიის ტერასებში“ (თავდაპირველად კომპანია შპს“ ნათენაძე ვაინს ენდ ბევერიჯის“ სახელით დაფუძნდა), რომელიც 185 ათასზე მეტ კვ.მ მიწის ფართობს მოიცავს, გიორგი ნათენაძე 7%–იან წილს ფლობს, 46.5–46.5%–იან წილებს კი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

გიორგი ნათენაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან უკვე დიდი ხანია შეწყვეტილი აქვს თანამშრომლობა. იგი ვარაუდობს, რომ თაღლითური სქემის გამო დაზარალდა.

„მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დიდი ხანია უკვე შეწყვეტილია თანამშრომლობა. ეს პროცესები ნელ–ნელა ხდებოდა და იქამდე მივიდა, რომ ახლა დავდექით ამ პრობლემის წინაშე. საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე იურიდიული გაფორმება, აქ მთელი თაღლითური სქემებია, რომელსაც ვერც კი ვიფიქრებდი და არ დავუშვებდი რომ ამას იკადრებდნენ. არის კიდევ სიტყვიერი შეთანხმება, რაც არ ასრულდა“,–აცხადებს ის.

იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ მიზეზებზე, რაც პარტნიორებთან უთანხმოების საფუძველი გახდა, ჯერ–ჯერობით საუბარი არ სურს. იგი წერს:

„ჯერ ყველაფერს არ დავწერ, ამის დროც მოვა და ყველაფერს აეხდება ფარდა.  ერთი კი ნამდვილად ვიცი, არასწორად ნაშოვნი ფული ან ქონება არასდროს არ შეერგება არავის. საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია. მითუმეტეს პარტნიორად თუ 90-იანებში გამდიდრებული “ბიზნესმენი” მოგევლინა და შენ ამ დროს ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით დღე და ღამეს ათენებ, წვალობ, გულს და სულს დებ საქმეში, გიყვარს შენი საქმე მისი ყველა დეტალით, თან ყველაფერს შენი ხელით გაკეთებინებენ და ბოლოს გეუბნებიან რომ შენ იქ აღარაფერი გესაქმება და ყველაფერი დამთავრდა.

რაის სიტყვიერი შეთანხმება, რაის კაცობა, რაის ხელის ჩამორთმევა… ყველაფერი ფუჭია მათ თვალში. საინტერესოა ცხოვრებაში რა პრინციპები ამოძრავებთ და რისთვის ცხოვრობენ. სუფრაზე კი არიან ქართველი ვაჟკაცები, სამშობლოს გაერთიანება და უკეთესი საქართველო რომ უნდათ“,–წერს ის.

გიორგი ნათენაძე შპს „ვარძიის ტერასების“ დირექტორად 2021 წლის 30 მარტამდე ირიცხებოდა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იგი სწორედ ხსენებულ დროს გაათავისუფლეს. 2022 წლის პირველ მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მას ხსენებული კომპანიის დირექტორის პოზიციისთვის ანაზღაურება 2021 წლის 1–ელ მაისამდე ერიცხებოდა. ამავე დეკლარაციის თანახმად, 2021 წელს შპს „ვარძიის ტერასების“ საქმიანობიდან (გარდა თანამდებობრივი ანაზღაურებისა) მას არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამჟამად ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები არიან. გიორგი ნათენაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ–ის,  „ახალციხის ციხის“ დირექტორად 2021 წლის 9 დეკემბერს დაინიშნა. მან დირექტორის პოზიცია 10 თვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

გახდა თუ არა ბიზნეს პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გიორგი ნათენაძის ციხის დირექტორად დანიშვნა, ბიზნეს წილები, შპს–ს მოგების გადანაწილება, ან როგორც თავად ამბობს, თაღლითური სქემა, ამ ეტაპზე უცნობია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციამ პოზიციის მოსასმენად მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკაშირებას შეეცადა, თუმცა მათთან კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, თავდაპირველად, 2014 წელს, გიორგი ნათენაძემ შპს“ ნათენაძე ვაინს ენდ ბევერიჯის“ დააფუძნა, რომლის 100% თავადვე ფლობდა. 2015 წელს მან მთლიანი წილის 85% მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თანაბრად მიყიდა, რითაც სამმხრივი პარტნიორობა შედგა. მოგვიანებით, პარტნიორების გადაწყვეტილებით, კომპანიას სახელი შეეცვალა და შპს“ ვარძიის ტერასები“ დაერქვა.

2018 წლის 22 ივნისის დოკუმენტის თანახმად, კომპანიაში პარტნიორთა კრება გაიმართა. იმ დროს გიორგი ნათენაძე შპს „ვარძიის ტერასებში“ ჯერ კიდევ15% წილს ფლობდა. შპს–ს კაპიტალში კრების ჩატარების მომენტისთვის მხოლოდ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ 963 557 ლარი იყო ჩარიცხული, თუმცა ისინი აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიაში ნათენაძის წილი უცვლელად, 15% დარჩებოდა. კრებაზე მეწილეებმა 2019 წლის 31 დეკემბრამდე ორგანიზაციის კაპიტალის გაზრდა 1 მლნ 500 ლარამდე გადაწყვიტეს, რისთვისაც ჯაფარიძეს და ხაზარაძეს თანაბრად 208 221.50 ათასი ლარი უნდა შეეტანათ, ნათენაძეს კი 120 ათასი ლარი. იმის გამო, რომ ნათენაძე თანხას ვერ იხდიდა, მას საკუთარი წილის 8%–ის დათმობა მოუწია. კრების ოქმისვე თანახმად, მას მიეცა უფლება, რომ 2 წლის განმავლობაში წილები ხსენებული პარტნიორებისგან გამოესყიდა და 30%–მდე გაეზარდა, თუმცა არსებული მონაცემებით, ნათენაძემ წილი არ, ან ვერ გამოისყიდა.

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრასთან აღდგენილ ტერასებზე, 27 უძველესი მესხური ჯიშის ყურძნის პირველ მოსავალი 2018 წლის 3 ოქტომბერს დაკრიფეს. საზეიმო რთველზე მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობას გიორგი ნათენაძე და მამუკა ხაზარაძე უწევდნენ.

 

წყარო: sknews.ge

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …