თამბაქოს კონტროლის ალიანსი მთავრობასა და თამბაქოს ინდუსტრიის გარიგებაზე ეჭვობს

თბილისი (BPI) – ამბაქოს კონტროლის ალიანსი მთავრობასა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის გარიგებაზე ეჭვობს. ორგანიზაციის განცხადებით, გონივრულ ეჭვს ბადებს ის რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობა ვალდებული იყო 2018 წლის ივნისამდე დაემტკიცებინა „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“დადგენილება, რომელიც უცნობი მიზეზების გამო დღემდე არ განუხილავთ.

“არადა, დადგენილების პროექტი მთავრობაში გაგზავნამდე  ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმდა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ ამ პროცესებში ჩართულია თამბაქოს ინდუსტრია და სამთავრობო სტრუქტურებში მისი მხარდამჭერები მთავრობას კანონის მოთხოვნების დარღვევას აიძულებენ. 

თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს  ელექტრონულ და გახურებად თამბაქოსაც,  ხელისუფლების „დაბოლების“ პოლიტიკას განაგრძობს და მათ არწმუნებს, რომ  აღნიშნული თამბაქოს პროდუქტები მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის თითქოს ნაკლები ზიანის შემცველია. მტკიცებულებად და არგუმენტებად კი, ძირითადად მათ მიერვე ჩატარებულ ე.წ. კვლევების მონაცემები მოაქვთ.

ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ, გასულ წელს,  „ფილიპ მორისს“ უფლება არ მისცა ე.წ. გახურებადი თამბაქო „აიქოსი“ზიანის შემცირების პროდუქტად ეღიარებინა. ამიტომაც, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, რაზეც მარცხ განიცდის განვითარებულ ქვეყნებში, დაბალი განვითარების ქვეყნებში მიაღწიოს. შესაბამისად, ძალისხმევას არ იშურებენ, საქართველოს  მთავრობა დაიყოლიონ  თამბაქოს ელექტრონულ პროდუქტზე გადასახადების შემცირებაზე, დაიშვას ამ ტიპის პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია, მათი გასინჯვის შესაძლებლობები (არომატების გასინჯვის მიზნით სპეციალურ მაღაზიებში მოწევის უფლება). ეს ყველაფერი დაარღვევს თამბაქოს კონტროლის კანონის სტრუქტურას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს წარმატებით აღსრულებად კანონს.

ჩვენი ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაცია (რომლის წევრია კომპანია „ფილიპ მორისი“)  სწორედ  მთავრობის საშუალებით აპირებს შეასუსტოს მოქმედი კანონი და სასათბურე პირობები შეუქმნას ელექტრონულ სიგარეტებსა და ე.წ. გახურებად თამბაქოს ნაწარმს. იმედია, მთავრობა არ გამოიჩენს სისუსტეს და „არ დაბოლდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად ორგანიზაცია მოითხოვს:

  1. პარლამენტმა, ზედამხედველობის ფუნქციიდან გამომდინარე, მოიკვლიოს რატომ არ შეასრულა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, კონკრეტულად ვინ შეაჩერა მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის  მთავრობის სხდომაზე გატანის პროცედურა;
  2. პარლამენტმა არ მიიღოს ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის მთავრობის სახელით განსახილველად მიწოდებული თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომელთა საფუძველზე განზრახული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს.
  3. მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, განმარტოს რატომ არ განიხილა მთავრობამ სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული დოკუმენტი და უკვე 9 თვეა, რატომ არ რეაგირებენ მასზე? ამასთან, აპირებს თუ არა და როდის თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომის ჩატარებას, რომლის ხელმძღვანელიც თავად პრემიერია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …