თაბუკაშვილის ქუჩაზე კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს და შენობის პროექტირებაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობაში მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ცხოვრება, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება. საუბარია ე.წ. კადეტთა კონკურსზე, რომელიც დაახლოებით, 150 წლისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, თუმცა იქ არსებული მდგომარეობა უმძიმესია. ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება მოსახლეობას, ეს კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ჩემი თხოვნა იქნება, გქონდეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის დასრულდება პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, იწყება ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იწყება ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილია გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …