ჩემი მარწმუნებელი იმედოვნებს, რომ სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“ დაიცავს ჯერ საკუთრივ მის უფლებებს, რის შესაბამისადაც დაცული იქნება ჩემი მარწმუნებლის უფლებები. თუ სააქციო საზოგადოება ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩემი მარწმუნებელი მიმართავს სასამართლოს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ განაცხადა.
„ტრაგიკომედიაა საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის და სამოქალაქო სამართლის საქმის რაიმე ლოგიკური ბმა ვეძებოთ. თუ ადამიანს სამოქალაქო სამართლებრივი უფლება აქვს სადავოდ ქცეული ან დარღვეული, მას ცალსახად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში აქციონერს აქვს თავისი ინტერესები. ის მიმართავს სააქციო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად. სისხლის სამართალში რომ არავინ არის დაზარალებული, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თუ ვინმემ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მიიღო, ასეთ დროს შეიძლება მხარეები მორიგდნენ და საქმისწარმოება წყდება. ამას აქვს რაღაც ჰუმანური მიზეზი და შეიძლება ფინანსურადაც ეხმარებოდეს დამნაშავე დაზარალებულს, მაგრამ აქ არის ძალიან კონკრეტული თემა. ფაქტია, რომ „თიბისი ბანკიდან“ გაიცა სესხი და არ დაბრუნებულა. დაზარალებულის არარსებობა არაფერ ნიშნავს. დაზარალდა სააქციო საზოგადოება. აქციონერი იმას კი არ ითხოვს, რომ მის ჯიბეში ჩაიდოს ამ ზიანის კომპენსაცია – არამედ იმას, რომ ეს დაუბრუნდეს სააქციო საზოგადოებას. ჩემი მარწმუნებელი იმედოვნებს, რომ სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“ დაიცავს ჯერ საკუთრივ მის უფლებებს, რის შესაბამისადაც დაცული იქნება ჩემი მარწმუნებლის უფლებები. თუ სააქციო საზოგადოება ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩემი მარწმუნებელი მიმართავს სასამართლოს“, – აცხადებს ადვოკატი.