ეროვნულმა ბანკმა რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) განახლებული სახელმძღვანელო დაამტკიცა

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობასა და რეგულირებას რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპების საფუძველზე ახორციელებს და ბანკების რისკების შეფასებისთვის რისკების შეფასების საერთო პროგრამას – General Risk Assessment Program (GRAPE) იყენებს. GRAPE რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლია, რომლის მიზანი კომერციული ბანკების რისკების შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ქმედებების განსაზღვრაა. GRAPE-ის ციკლის ბოლოს, თითოეული კომერციული ბანკის რისკის პროფილი რისკის კატეგორიების მიხედვით ფასდება და იდენტიფიცირებულ გაუმჯობესებებთან, რისკებთან, სისუსტეებთან და განსახორციელებელ ქმედებებთან ერთად, წმინდა GRAPE ბუფერის მოთხოვნა განისაზღვრება. GRAPE შეფასება წელიწადნახევრიან ციკლს მოიცავს.

 

საზედამხედველო მიდგომების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) სახელმძღვანელო თავდაპირველად 2017 წელს გამოაქვეყნა. თუმცა, სახელმძღვანელოს გაუმჯობესებისა და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული სახელმძღვანელო განაახლა. დოკუმენტის მიზანი კომერციული ბანკებისთვის, ინვესტორებისთვის, დეპოზიტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საფინანსო სექტორში სწორი მოლოდინების შექმნისა და სექტორის პროციკლური ქცევის პრევენციის ხელშეწყობაა.

 

განახლებული სახელმძღვანელო GRAPE პროცესების მიმდინარეობასა და შეფასების უფრო მეტ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად. კერძოდ, განახლებულ დოკუმენტში დაწვრილებით და დეტალურად განისაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში შესაფასებელი რისკების კატეგორიები, მათი შეფასების კომპონენტები, რისკის მიტიგანტები და თითოეულ რისკთან დაკავშირებული ქულის მინიჭების განმარტებები და კრიტერიუმები, ასევე, განისაზღვრა თითოეულ რისკთან დაკავშირებული შესაბამისი წონები. ამასთან, განახლებული სახელმძღვანელო დეტალურად განსაზღვრავს ბანკის საზედამხედველო ყურადღების დონისა და საზედამხედველო გეგმის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და ელემენტებს. ასევე, სახელმძღვანელოში გაიწერა GRAPE-ის პროცედურული საკითხები, კერძოდ, GRAPE შეფასების პროცესის ძირითადი ვადები და შეფასების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულები.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში ასახული ცვლილებები და განახლებები ეფუძნება ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (Financial Sector Assessment Program (FSAP)) ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებს.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …