სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ „ენერგო-პრო” და „თელასი“ 2022 წელს ელექტროენერგიას შედარებით ხშირად და ხანგრძლივად თიშავდნენ. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით გააუარესა. სემეკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ გასულ წელს 67%-ით გააუარესა SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი. გაუარესების ტენდეციაა „თელასის“ შემთხვევაშიც, კერძოდ, 2022 წელს ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა გაუარესდა 15%-ით, ხოლო SAIFI-ის მაჩვენებელი 1.7%-ით.
„კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 6 მარტის №133 ბრძანებით შექმნილმა „ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები, საიდანაც დაადგინა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2022 წელს გააუარესა SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით და SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი – 67%-ით, ხოლო სს „თელასმა“ SAIDI-ს მაჩვენებელი გააუარესა 15%-ით და SAIFI-ს – 1,7%-ით“ – ვკითხულობთ სემეკის ანგარიშში.