ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების ამოქმედება მნიშვნელოვანია – GREDA

თბილისი (BPI) – განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ერთადერთი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს.

“საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება. 30 წელია ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და აუცილებელია, ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ზრდის ფონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ და როდესაც 10 წლის შემდეგ ჩვენი ენერგომოხმარება გაორმაგდება, მისი დაკმაყოფილება საკუთარი რესურსებით შევძლოთ. ჰიდრორესურსების მთლიანი პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, შეგვიძლია ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ,” – განმარტავს გიორგი აბრამიშვილმა.

მისი თქმით, ჰიდრორესურსების პოტენციალის ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიდან 5 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს, საიდანაც 1 მლრდ  დოლარი გადასახადების სახით ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი რეინვესტირებული იქნება ეკონომიკაში.

„საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა ნამახვანი ჰესების კასკადი. ისინი უნდა განვახორციელოთ საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებით. ამ პროექტის მშენებლობით ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია მაღალი სტანდარტის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა,“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ნამახვანის ჰესის დადგმული სიმძლავრეა 430-მეგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. პროექტის 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2000 – მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები იქნებიან. სადგურის სრულად ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …