ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება

თბილისი (BPI) – ენერგოეფექტურობის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკისა და ხედვის შეცვლაა. თუ აქამდე მხოლოდ ენერგიის მიწოდებაზე გვქონდა აქცენტი, ახლა ენერგიის მოხმარების ეფექტურობაზეც ვიფიქრებთ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

როგორც ცნობილია, კერძო და საჯარო სექტორმა რამდენიმე დღის წინ  განიხილა ორი კანონპროექტი: ერთი ზოგადად ენერგოეფექტურობის შესახებ, მეორე შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კანონპროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 2021-2022 წლებში ენერგეტიკაზე დახარჯული გადასახადების მოცულობა, სავარაუდოდ, 147 მილიონი ევროთი შემცირდება. თუმცა, ბიზნესი დაგეგმილ ენერგოეფექტურ ღონისძიებებს გარკვეული სიფრთხილით ეკიდება, რადგან აღნიშნული ზომების გატარება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მურმან მარგველაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტები ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და ხედვის შეცვლას ემსახურება. გარდა ამისა, ეკონომიკური საქმიანობის ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდება.

მისი განმარტებით, ამ კანონპროექტის მიზანია ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის და ხედვის შეცვლა. დღემდე ჩვენ აქცენტი მხოლოდ მიწოდებაზე გვქოდნა და ყურადღებას არ ვაქცევდით, თუ რამდენად ეფექტურად მოვიხმარდით ენერგიას.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ამ კანონპროექტით საქართველო ჩადგება დანარჩენი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების რიგში, რომლებსაც ანალოგიური კანონები აქვთ და მხოლოდ მიწოდებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ მოხმარების ეფექტურობაზეც.

„ჩვენ დღემდე გამონაკლისი ვიყავით. შესაბამისად, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აქ გასათვალისწინებელია, ის არის, რომ მოხმარების კუთხით გასატარებელი ღონისძიებები უნდა მოიცავდეს დაზოგვას, ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, შენობების დათბუნებას და ა.შ. ეს არის ფართო ეკონომიკური აქტივობის მთელი სპექტრი, რაც ახალ დასაქმებას და ცოდნას იწვევს. ეს არის ჩვენი, როგორც ქვეყნის ენერგეტიკული ხარჯების შემცირება.

წელს ჩვენს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 10 პროცენტს უკვე საზღვარგარეთ ვყიდულობთ, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია. ამის დაზოგვაზე იქნება აქცენტი და პარალელურად ბიზნესინდუსტრიის ახალი მიმართულებები განვითარდება. თუ ვინმეს ძალიან არაეფექტური წარმოება აქვს ან ზედმეტ ენერგიას გაუფრთხილებლად ხარჯავს, იმან კეთილი უნდა ინებოს და გადაეწყოს, რადგან იმ ენერგიის საფასურს რეალურად ჩვენ ვიხდით და ჩვენ გვიძვირებს. როცა ელექტროენერგია საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, ის ჩვენი საერთო ფულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ინიცირებული კანონპროექტები არ შეიცავს ბიზნესისთვის მძიმე იმპერატიულ ვალდებულებებს, თუმცა გარკვეულ ჯარიმებს ითვალისწინებს. მარგველაშვილის განცხადებით, ამიტომ ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული აღნიშნული კანონპროექტების განხილვაში, თუმცა შეფასებებში კერძო სექტორმა ობიექტურობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

„ერთადერთი სავალდებულო რაც იქნება, ის არის, რომ დიდმა საწარმოებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ ენერგოაუდიტი უნდა ჩაატარონ. ეს ნიშნავს, რომ შეისწავლონ რამდენ ენერგიას მოიხმარენ, ხარჯავენ ან კარგავენ და რა ღონისძიებები არსებობს ამის შესამცირებლად. დამოუკიდებელმა სერტიფიცირებულმა აუდიტორებმა უნდა გამოავლინონ ხარჯსარგებლიანი ღონისძიებები. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი ჩართული იყოს ამ საქმეში.

ოღონდ ეს ჩართულობა პირველ რიგში ინფორმირებულობას გულისხმობს: უნდა წაიკითხონ კანონი და ის ღონისძიებები შეაფასონ, რაზეც გარკვეული ჯარიმებია. ბიზნესის ჩართულობაც უნდა იყოს ობიექტური და ქვეყნის ინტერესებსაც ისე უნდა ხედავდეს, როგორც საკუთარს“, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …