ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, გაზისა და ნავთობპროდუქტების მცირდება

თბილისი (BPI) – საქართველოში 2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,4%-ით 12 148,6 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რაც განპირობებული იყო მეტი წყალმოდინებით, ასევე 2 სეზონური და 7 მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.

2018 წელს მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (-5,6%), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (-48,6%) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (+20%). ამავდროულად წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა (-25,7%).

2018 წელს ქვეყანა, 11 937,3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია (+6,5%) მოიხმარა, ზრდა განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.

სამაგიეროდ 1,3%-ით შემცირდა ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 2 408,3 მლნ მ3-მდე. მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (-0,8%). 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება 3%-ით შემცირდა შინამეურნეობების სექტორში, მიზეზი თბილი ზამთარი იყო.

მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია.

ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (-2,3%, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება).

მოხმარებული ენერგორესურსების სტრუქტურაში უდიდესი წილი (73,3%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (19,1%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 34,5% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28,9%) და ელექტროენერგია (23,3%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 6,2%-ს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, დარჩენილი 7,1% მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2018 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზის თანახმად, ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 33,1 %. 27,7% – შინამეურნეობები, 20,5% – მრეწველობის დარგი, 2,6% – მშენებლობა, 0,6% – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგი, 15,5% – კერძო და სახელმწიფო მომსახურებასა და სხვა მომხმარებლებზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …