თბილისი (BPI) – „თიბისი ბანკის“ წინასწარი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 4.7%-ით, მომავალ წელს კი, დაახლოებით 5%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ პარამეტრებშია, საგარეო ფაქტორები კი, რამაც გასულ წელს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, გაუმჯობესებული.
ნადარაიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საერთო ჯამში, წელს ეკონომიკა დაახლოებით 4.7 პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება მომავალ წელს, ზრდა პირველ ორ კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება და საბოლოო ჯამში, ზრდა სულ მცირე ხუთ პროცენტს მიაღწევს.
„მთლიანობაში, წელს, ჩვენი აზრით, ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 4.7 პროცენტი ან შეიძლება, ცოტა მეტია ნავარაუდევი. მომავალ წელს საბაზო სცენარით უნდა შემცირდეს – წელი წელზე შეფარდებით, მომავალი წლის პირველი და მეორე კვარტალი შედარებით დაბალი იქნება, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით. თანაც, ეს იმ დაშვების პირობებში, რომ რუსეთთან ფრენები არ აღდგება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში არ გადავა. 2020 წლის მეორე ნახევარში ზრდა დაჩქარდება, რასაც ჰქვია გრძელვადიანი ზრდის ტემპს დაუახლოვდება და ჩვენი ვარაუდით, მინიმუმ ხუთპროცენტიანი ან უფრო მაღალი საბაზო სცენარი გვექნება“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისი განმარტებით, წელს წინა წელთან შედარებით, სესხების ზრდა ნაკლებია და მომავალ წელს ეს ტემპი სავარაუდოდ შენარჩუნდება ან შემცირდება.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რაც ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მომავალ წელს საგარეო ფაქტორები ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება, ტურიზმის სექტორზე რუსეთიდან შემცირებული ნაკადების გავლენა გაივლის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაც ისეთი მკვეთრი არ იქნება, როგორც წელს.
თუმცა, „თიბისი ბანკის“ მთავრი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ რადგან მომავალი წელი საარჩევნო წელია, ბიზნესისა და მომხმარებლების განწყობაში შესაძლოა, გარკვეული პესიმიზმი და ლოდინის რეჟიმში გადასვლა დაფიქსირდეს.
რაც შეეხება ინფლაციას, ნადარია ვარაუდობს, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკს მონეტარული პოლიტიკის კურსის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა გაუარესდა.
„ინფლაცია წელს დაახლოებით 7-8 პროცენტი იქნება. მთავრი ამ შემთხვევაში ის არის, რომ მომავალ წელს ინფლაცია თავის სამიზნე მაჩვენებელს რომ დაუბრუნდეს და ჩამოცდეს კიდეც, არსებული კურსით ეს რთულად მიღწევადი იქნება. ამიტომ, გამყარება აუცილებელი იქნება. თუ პოლიტიკური მდგენელი და სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობები გაუარესდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განუცხადა ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“.