თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობის შესახებ გადაცემა “იმედი LIVE”-ის ეთერში.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2018 წელს საქართველომ 13.5 მილიარდი კილოვატი საათი ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც მილიარდ ნახევარი იმპორტირებული ელექტრო ენერგიაა (10-12 პროცენტი).
“ამას თუ დავამატებთ იმპორტული გაზიდან გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას, რომელიც თბოსადგურებით გამომუშავდება, ეს არის კიდევ 2 მილიარდამდე კვ.საათი (კიდევ 15%), გამოდის რომ 25%-მდე უკვე ვართ გარე წყაროებზე დამოკიდებული.
2016 წელს იმპორტი იყო სულ 4-5%, ახლა ავედით 12%-მდე. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა იზრდება და ეს სწორია, იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და თქვა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება 19-20 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ენერგეტიკამ ეკონომიკური ზრდის ტემპს უნდა აუწყოს ფეხი, ამის ფონზე, კი მინისტრის თქმით, “მცირე ჰესები, რომლებიც უწყინარია და რისკებზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს პროექტები პრობლემური გახდა”.
“რეფორმის მიხედვით ჩვენი ამოცანაა გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად. რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ ჩვენი გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც. გადაჭარბებული მოლოდინია ის, რომ როგორც კი შემოვა ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და არ დაგვჭირდება ჰესები. ეს ასე არ არის. ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ მაინც მიუხედავად ამისა, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება.
მეორე ასპექტია – დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 თვლის – იმისთვის რომ მიღწეული იყოს მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა (ადეკვატური იყოს მათი საკუთარი რესურსი მათი მოთხოვნისა) ამისთვის მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ – საჭიროება თუ დადგა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
imedinews.ge