თბილისი (BPI) – „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემით, ქვეყანაში ინვესტიციების საერთო დონე დაახლოებით 20 პროცენტით არის გაზრდილი და ეს ზრდა შიდა ინვესტიციების ხარჯზე ხდება“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებთან „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომელიც 2018 წლის წლიური და 2018 წლის მე-4 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს ასახავს.
„2018 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მართალია, შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ საქმე გვაქვს გარკვეულ ფაქტორებთან, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არცერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზაციას ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.“ – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ და დეტალურად განმარტა შემცირების ძირითადი მიზეზები.
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველასთვის ცნობილი მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებასთან – მოგეხსენებათ, პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ასევე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა – არარეზიდენტების მიმართ ქართულმა საწარმოებმა გაისტუმრეს უცხოური ვალდებულებები, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით და მეორე – ეს არის რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში რეზიდენტი მფლობელის შემოსვლა-დაფიქსირება, რაც ასევე პოზიტიური მოვლენაა იმდენად, რამდენადაც ეს დადებითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე და მთლიანად მოსახლეობაზე“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება რაიმე უარყოფით ფუნდამენტურ ფაქტორს. ამის დასტურია სარეიტინგო კომპანია “FITCH”-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანში მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნეს გარემომ.
მისივე თქმით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა დამამუშაველი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების და სოფლის მეურნეობის სექტორებში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 44.3 პროცენტით და 142.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 66.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 28.8 პროცენტით გაიზარდა. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შესაბამისად ინვესტიციების 83.3 და 28.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 13.2 და 15.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი 209.9 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით (17.0 პროცენტი), მესამეზე ენერგეტიკის სექტორი 157.2 მლნ. აშშ დოლარით (12.8 პროცენტი), ხოლო მეოთხე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 142.3 მლნ. აშშ. დოლარით (11.5 პროცენტი).
ქვეყნების მიხედვით, 2018 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (19.5 პროცენტი – 240.0 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ არის გაერთიანებული სამეფო (16.5 პროცენტი – 203.7 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (13.6 პროცენტი – 167.9 მლნ აშშ დოლარი).
მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და 2018 წელს 45.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 10.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.
„აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ნათლად მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტორების დადებით განწყობებზე ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ. ნაცვლად მიღებული მოგების რეპატრიაციისა, ისინი მიღებულ მოგებას ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად მიმართავენ, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას“ – განაცხადა მიქაბაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.