ევროპულმა ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა, European Neurology საქართველოში მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის დანერგვისა და განვითარების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის სტანდარტების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო და გახდა პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც ინსულტის მართვის ერთეულები აამოქმედა.
იშემიური ინსულტის მართვის პროექტი ქსელში ჰოსპიტლების სიმძლავრის შესაბამისად პაციენტის დროულ დიაგნოსტიკასა და შემდგომი მართვის სწორ მენეჯმენტს გულისხმობს. ინსულტის მართვის ერთეულები, თავდაპირველად, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთეულები ეტაპობრივად ინერგება ქსელს გარეთაც.
პროექტის ფარგლებში, სისტემურ ლიზირებასთან ერთად, ქსელში დაინერგა თრომბექტომიის, ანუ თრომბის კათეტერით დაშლის პროცედურა, რომელიც თბილისსა და ქუთაისში წარმატებით ხორციელდება. პარალელურ რეჟიმში ვითარდება მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებები, სადაც პაციენტების დროული, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი.
ინსულტის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის პროექტი სამ ძირითად მიზანს: ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა ქსელში რეფერირების სისტემის დალაგებასა და დონეების მიხედვით ჰოსპიტლების კლასიფიკაციას ემსახურება. საერთო მიზანს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებებისა და საჭირო რაოდენობის ნეიროვასკულური ცენტრების არსებობა წარმოადგენს.
სტატიის პირველი ავტორი ევექსის ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავაა. სტატიაში საუბარია, რომ მკურნალობის აღნიშნული მეთოდების დანერგვამ მსოფლიოში ინვალიდიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სხვადასხვა ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ხელ-ფეხის დამბლა და მეტყველების მოშლაა დამახასიათებელი. მკურნალობის უალტერნატივო შესაძლებლობას კი სწორედ თრომბის დაშლა წარმოადგენს სისტემური ლიზირების ან კათეტერის გამოყენების მეთოდით.