თბილისი (BPI) – დიღმის ჭალებში უკვე დაანონსებული პარკის პროექტის განხორციელება იწყება. თბილისის მერია პარკის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
პროექტის ბიუჯეტი ₾11,62 მლნ-ია.
როგორც კახა კალაძემ 2019 წლის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, პროექტი 2 წლიანია და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
“ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რა უნდა გააკეთოს ქალაქმა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მოსაგვარებლად. შემოვიღეთ და გავამკაცრეთ გარკვეული რეგულაციები, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას და არცერთი სამშენებლო ნებართვა ჩვენი მხრიდან ამ ერთი წლის განმავლობაში არ გაცემულა მწვანე სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე. მნიშვნელოვანია, შევქმნათ ბევრი მწვანე სივრცე, მცენარეები დაირგას და გავუფრთხილდეთ, მოვაწესრიგოთ ის, რაც გაგვაჩნია. დიღმის ჭალების პროექტი გაწერტილია გენგეგმაშიც.
მალე ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, გამწვანებული სივრცე, ყველანაირი ინფრასტრუქტურით, სპორტული მოედნები, ამფითეატრი, კაფე-ბარები და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო ახალი სივრცე შეიქმნება ქალაქში”, – განაცხადა ქალაქის მერმა.