თბილისი (BPI) – თბილისის მერი დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე ნებართვის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ აქ იქნება მხოლოდ დასასვენებელი სივრცე.
კახა კალაძემ აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე “კია მოტორსის” ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რათა დედაქალაქში მაქსიმალურად მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას.
“ეს ეხება ისეთ ადგილებსაც კი, სადაც წლების განმავლობაში გასხვისებული იყო მიწის ნაკვეთები. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ვაკის პარკი შემიძლია მოვიყვანო, სადაც 9-სართულიანი შენობა-ნაგებობის პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი და სასამართლოშიც კი წაგებული გვქონდა ეს დავა. იქაც შევედით მოლაპარაკებებში და დავითანხმეთ მესაკუთრეები, მომხდარიყო ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და ვაკის პარკში ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულიყო. იგივე მიდგომა გვქონდა, როდესაც კუს ტბის ასახვევში, მწვანე სივრცეში აპირებდნენ რამდენიმესართულიანი სასტუმროს მშენებლობას. ამით მინდა ავუხსნა ჩვენს მოსახლეობას, თუ როგორი მიდგომა აქვს დედაქალაქის მერიას მწვანე სივრცეებისადმი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება. ხორციელდება პროექტი, რომელიც ამ არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისით სარგებლობის შესაძლებლობა”,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, სამშენებლო კომპანია “ანაგის” დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის განცხადებით, ორანჟერეა “კია მოტორსის” ძველი პროფილაქტიკის ადგილზე განთავსდება. მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და დაახლოებით 12-14 თვეში დასრულდება.
“ეს იქნება ძირითადად, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო დარბაზი, სადაც ალბათ კორპორატიული საღამოებიც გაიმართება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იქნება კლასიკური რესტორანი, იქნება ღია სივრცე, ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები და საინტერესო”, – აღნიშნა ზაზა გოგოტიშვილმა.