თბილისი (BPI) – 25-დან 28 ივნისის ჩათვლით, დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, “დემოკრატიის სამიტი 2019” გაიმართა. ღონისძიება მეორედ ჩატარდა და მასში 75-ზე მეტი ქვეყანა და 450 სტუმარი მონაწილეობდა.
წელს სამიტში „დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ (Democracy Frontline Center) დამფუძნებელი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე და ამავე ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამიტის წევრებთან და პროექტის ორგანიზატორებთან. ასევე სპეციალური შეხვედრა შედგა, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდრეს ფონგ რასმუსენთან, რომელიც სამიტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ნინო ევგენიძესთან და დევიდ კრამერთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ბატონმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ახალი ცენტრის მიმართ და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმიდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია მსგავსი ინსტიტუტების საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე იმ ქვეყნებში სადაც ორგანიზაცია აპირებს მუშაობის გაფართოებას. „საქართველო, ამიერკავკასია, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია და რუსეთი, ეს ის ქვეყნებია, სადაც ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო საინტერესო იქნება და მეტ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოებს დემოკრატიული გზით განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, როგორიცაა დევიდ კრამერი და ფრენსის ფუკუიამა, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მსოფლიო დემოკრატიაში. ქალბატონ ნინოსთან ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს და იმედია ცენტრთან თანამშრომლობაც ასევე წარმატებული იქნება“,- განაცხადა შეხვედრაზე რასმუსენმა.
სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრისა და დემოკრატიის სამიტის შემდგომი თანამშრომლობა. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებსაც მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საქართველოში.
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტი 2018 წლიდან იმართება და მისი მიზანია დემოკრატიის წინაშე მდგარი აქტუალური საკითხების განხილვა და კონკრეტული გზების დასახვა. სამიტზე წელს სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები და შეხვედრები გაიმართა და მასში 450-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.