დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საინვესტიციო გარემოს განვითარების შესახებ იმსჯელეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და კერძო სექტორის შეხვედრაზე.

შეხვედრა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის მიერ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივების“ თემაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Webex პლატფორმის საშუალებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმისა და საბანკო ასოციაციების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დროს აწყდებიან, მათ შორის ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურად უსაფრთხო გარემოზე, სასამართლოს რეფორმაზე, პროფესიული განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების საკითხებზე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა შეხვედრის შეჯამებისას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოითქვა, რომლებიც ასახული იქნება თემატური მოკვლევის დასკვნასა და რეკომენდაციებში. „როდესაც საბოლოო დასკვნა მომზადდება და რეკომენდაციები შემუშავდება, რა თქმა უნდა, იქნება ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებას მოითხოვს, ან საჭირო იქნება აღსრულების გამკაცრება და გაუმჯობესება. ჩვენ საბოლოო დასკვნის პრეზენტაციაც გვექნება, რათა კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მოსაზრებები. შეხვედრაზე არა ერთი მონაწილი მიერ გამოითქვა მოსაზრება და მეც სავსებით ვეთანხმები, რომ საჭირო იქნება საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და გაძლიერება ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ჩვენ იმედი გვაქვს კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის, რომ ერთად, ფეხდაფეხ მივყვეთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც ამ სფეროში არსებობს. გადავლახოთ ისინი და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, მეტი ინვესტიციის მოზიდვაზე, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მოემსახურება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

თემატური მოკვლევა ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …