დამზადებულია გალში – გალელი ახალგაზრდის წარმატების ისტორია

თბილისი (BPI) – მალო  კოტუა ახალგაზრდა მეწარმე გოგონაა გალიდან. მას უკვე რამოდენიმე წელია საკუთარი ორგანიზაცია და სოციალური საწარმო აქვს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ახალგაზრდა გოგონამ რამოდენიმე წლის წინ ორგანიზაცია Hands for peace / ხელები მშვიდობისთვის დააფუძნა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსულ გოგონებს ხელსაქმეს და თიხაზე მუშაობას ასწავლის. მალოს  თითქმის ყოველ დღე უწევს მცირეწლოვან შვილთან ერთად ენგურის ხიდის გავლა, რომ თავის ორგანიზაციაში მივიდეს, თემთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე იმუშაოს და მოსწავლეებს ხელსაქმე შეასწავლოს.

„გამოფენებზე თუ ჩვენებებზე ყველგან ჩემს პატარასთან ერთად ვარ. გალში ვერავის ვერ ვუტოვებ. ზუგდიდში მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს პატარა საწარმო“ malohandmade“, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს და ვუშვებთ რეალიზაციაში. გვაქვს სოციალური გვერდი https://www.facebook.com/malohandmade/ , სადაც განთავსებული ჩვენი პროდუქცია და გვერდსაც ჩვენ თვითონ ვმართავთ,“ – ამბობს მალო კოტუა.

ახალგაზრდა მეწარმისთვის პროგრამა YES – Georgia გარდამტეხი აღმოჩნდა. აქამდე თუ მისი პროდუქცია მხოლოდ ზუგდიდში იქმნებოდა და აქედანვე ხდებოდა მათი რეალიზება, პროექტში ჩართვის შემდეგ გოგონას საშუალება მიეცა საკუთარი ბიზნეს იდეა რეალობად ექცია და დღეს მალო საკუთარ ბიზნეს უკვე გალში, საკუთარ სოფელში აფუძნებს.

„არაერთი ორგანიზაციისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ გალში მქონოდა ჩემი ბიზნესი და იქ დამესაქმებინა ადგილობრივები, თუმცა  სურვილი სურვილად რჩებოდა. როცა კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მოვედი და გავიარე ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგების კურსი, შევძელი ჩემი იდეისთვის პროექტის სახე მიმეცა და იგი ინვესტორებისთვის გამეცნო. პროექტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და მე შევძელი ჩემი ოცნება რეალობად მექცია. დღეს ჩემს სოფელში ნელ-ნელა იბადება პატარა სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ხელობას ისწავლიან ჩემი თანატოლები და რაიონის მაცხოვრებლები.“ რამოდენიმე თვეში მალოს სახელოსნო გალში პირველ მოსწავლეებსაც მიიღებს. პროგრამა YES – Georgia რამოდენიმე წლის განმავლობაში მუდმივ მენტორობას გაუწევს მალოს, რომ მან შეძლოს საწარმოს განვითარება. სტარტაპერის მიზანია სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობები საზღვარგარეთაც გაიტანოს, როგორც საქართველოს კუთხე – აფხაზეთში დამზადებული პროდუქცია.

პროგრამა YES – Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES – Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

პროექტში განაცხადების მიღება წელს 1 ოქტომბრამდე გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …