დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის რეგულირებისა და ენერგიის დამგროვებლების მუშაობის პრინციპს    გაეცნო. სემეკის თავმჯდომარემ დაათვალიერა მზის ელექტროსადგურები, ჰიდრომააკუმულირებელი და გათხევადებული გაზის ტერმინალი და კოგენერაციის სადგური.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოში განახლებადი ენერგიების გამოყენებას: „ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშავონ ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, სემეკის ინიციატივით, საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დაინერგა და დღეს უკვე ქსელში ჩართული მიკროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აჭარბებს 43 მეგავატს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია სრულად ასხავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ამ კუთხით, ლიეტუვის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსნებთ, რომ „ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს  ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ  საქართველოში 2022 წელს ნეტო–აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 348 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 17,931 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში 2022 წლის ბოლოსთვის ჯამურად ჩართულია 717 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 35,676.3 კვტ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ …