დავით ნარმანია: „ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„2024 წელი საქართველოს ენერგეტიკისთვის არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით იყო დატვირთული. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში სწორ სახელმწიფო პოლიტიკასა და სექტორის როლს როგორც  ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

სხვა ბევრ საგულისხმო მოვლენასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში შევიდა და სემეკმა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია აამოქმედა „ხობი 2 ჰესი“-ზე, რომლის დადგმული სიმძლავრე 44,5 მგვტ-ია. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაიხსნა ახალი ქვესადგური „წყალტუბო 500“, რომელიც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის საკვანძო ობიექტს წარმოადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. გვაქვს იმის შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ გავხდეთ ელექტროენერგიის კუთხით თვითკმარი ქვეყანა. ამიტომ, აუცილებელია ვაშენოთ მარეგულირებელი ჰესები, განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული სისტემის განვითარებას, გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით.

აქტიურად გრძელდება მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. ბევრჯერ ითქვა და განვმეორდები, რომ ეს  არის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს უდიდეს როლს როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს გარეთ.

განსაკუთრებული სიახლეებით ვიწყებთ ახალ წელს –  2025 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ენერგეტიკის ისტორიაში. როტაციის წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებულია ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან. აქვე უნდა ითქვას, რომ სემეკს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან – კომისიის წარმომადგენლები, წლებია, უკვე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში აქტიურად მონაწილეობენ, სემეკის წევრი 2 წლის ვადით ხელმძღვანელობდა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს, ხოლო დღეს სემეკის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს გაერთიანების ერთ-ერთ საკვანძო სამუშაო ჯგუფს.

სემეკისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა გამჭვირვალობა და ღიაობა საქმიანობაში. 2025 წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას შესაბამის ორგანიზაციებთან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების უკეთ რეგულირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“, – წერს სემეკის თავმჯდომარე.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …