ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით დავით ნარმანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „პროფესიით ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ყველა პირს ვულოცავ ენერგეტიკოსის დღეს! მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თითოეული მათგანის წვლილი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში.
დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხები. ჩვენს გარშემო არსებული მდგომარეობა აჩვენებს, რომ საქართველოს ენერგოსექტორი სტაბილურია სხვა ენერგობაზრებთან შედარებით როგორც ფასების, ასევე მიწოდების კუთხითაც. გამართული ენერგოსისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწორად ენერგეტიკოსებისა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული პირების დამსახურებაა, რომ არა ისინი, ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, არაერთხელ აღმოჩენილიყო ენერგოკრიზისის პირისპირ. დღეს კი გვაქვს სტაბილური ტარიფები, სტაბილური გარემო, დივერსიფიცირებული მიწოდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, ხოლო ბუნებრივი გაზის მიმართულებით – გრძელვადიანი პარტნიორი.
ელექტროენერგეტიკულ სექტორში თვითკმარობისა და უფრო მეტი მდგრადობისათვის აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება. ამასთანავე, მეტი ჰესი ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ სპეციალისტს დარგში. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზებული კონკურენტული ბაზრის ამოქმედებას რისკების მაქსიმალური დაზღვევის პირობებში. იმპორტდამოკიდებულობის შემცირება, ადგილობრივი წარმოებით შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილება და ექსპორტის ზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე მაჩვენებელი ელექტროენერგეტიკაში. დარწმუნებული ვარ, გამოწვევები ეტაპობრივად დიდი წარმატებით დაიძლევა.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს! ყველა ენერგეტიკოსს ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში“.
შემთხვევითი სიახლე
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …