დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე.
„სემეკი წყალმომარაგების სექტორს არეგულირებს 2008 წლიდან. ძირითადი მიმართულებებია წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია, რომლებიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. მათი გადაჭრა საჭიროებს მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ საინვეტიციო პროექტებს. სემეკი წყალმომარაგების კომპანიებისთვის ყოველწლიურად ამტკიცებს საკვანძო მაჩვენებლების არსებულ დონესა და სამიზნე ნიშნულს. ამ მაჩვენებლებით ფასდება კომპანიების ცალკეული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებები და განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები სწორად ემსახურებოდეს საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე და განაცხადა, რომ სემეკი მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებას.
„მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქების, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებს. მხოლოდ 2023 წელს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელა 368 მლნ ლარის ინვესტიცია.
2023 წელს კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „ბათუმის წყლის“ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში შეადგენს 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში 25 მლნ ლარს. საინვესტიციო პროექტები ემსახურება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც აუცილებელია საწარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის. მიმდინარე წელს ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში უკვე განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის პრობლემური ნაწილის რეაბილიტაცია. შედეგად, სახეზე გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში ავარიების რაოდენობის და დანაკარგების შემცირების ტენდენცია.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციასა და ქსელის გაციფრულებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინვესტორი კომპანია „აქუალია“ არის ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი საქართველოში, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და არის დარგში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მისი მთავარი მიზანია ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …