თბილისი (BPI) – 2019 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისში, ყოველწლიური კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2019“ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე მე-6 წელია ტარდება და მისი მიზანი არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვაა. კონფერენციის მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ამ სფეროში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება.
მთავარი კონფერენცია გაიხსნება 10 ოქტომბერს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუივერია“. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს მთავრობის წევრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.
წელს “არბიტრაჟის დღეები“ აერთიანებს რამდენიმე ღონისძიებას. მათ შორის, 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, GIAC-ისა და საერთაშორისო იურიდიული ფირმის „Shearman&Sterling” ორგანიზებით გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციას, აღნიშნულ ღონისძიება ჩატარდება უზენაესი სასამართლოს შენობაში და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი მზია თოდუა.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და GIAC-ის ერთობლივი დისკუსია, რომელიც შედგება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასულ წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
GIAC-ის გენერალური მდივნის, ბექა ინჯიას, განცხადებით, წლევანდელი კონფერენცია ეხება დავების გადაწყვეტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში. აღნიშნული სათაურის ქვეშ ორი დღის განმავლობაში მომხსენებლები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მიდგომებსა და ტენდენციებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ბიზნეს წარმომადგენლები ასევე წარადგენენ თავის მოსაზრებებს არბიტრაჟისა და მედიაციის მეშვეობით დავების გადაწყვეტის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში სადავო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმების შერჩევის თემატიკაზე. შედარებულ იქნება სასამართლოს, არბიტრაჟისა და მედიაციის მახასიათებლები და ქვეყანაში ინვესტორთა მოზიდვისა და დაცვის სხვადასხვა მექანიზმები.
„ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი თანამშრომლობს არბიტრაჟის მსოფლიო დონის ექსპერტებთან და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებსა და იურიდიულ ფირმებთან. სწორედ ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას მოვიწვიოთ მსოფლიოს მასში ამ მიმართულებების წამყვანი ექსპერტები“, – აცხადებს ბექა ინჯია.
კონფერენციის დასკვნით დღეს ახალგაზრდა პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირთათვის გაიმართება სემინარი, რომლის ორგანიზატორები არიან საარბიტრაჟო ცენტრი, ICC YAF და ICDR.
თბილისის არბიტრაჟის დღეებს დაესწრებიან პრაქტიკოსი იურისტები როგორც საქართველოდან, ისე ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებიდან.