დადგენილება 520 = ჯანდაცვა 2019

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სექტორისთვის 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. სექტორს ჯერ კიდევ ახალი მინისტრის მოსვლა არ ჰქონდა კარგად გათავისებული, რომ დავით სერგეენკოს მემკვიდრემ ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ტარიფების გათანაბრების მოდელი შესთავაზა.

კლინიკებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ფასები მიუღებელი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ხან მინისტრთან, ხან პრემიერთან, ხან ბიზნესომბუდსმენთან გაიმართა, ჯერჯერობით მთავრობას უკან არ დაუხევია. შესაბამისად, 520-ე დადგენილება სექტორისთვის წლის სკანდალად მოინათლა, ერთადერთი რაც ამ დროისთვის მოხერხდა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭო შეიქმნა.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე CBW-სთან 520-ე დადგენილებით გამოწვეულ აჟიოტაჟს პროცესში დაინტერესებული მხარეების არასაკმარისად ჩართვით ხსნის.

„ერთი მხრივ გასაგებია, სახელმწიფო როგორც ამ მომსახურების შემსყიდველი ადგენს ტარიფებს, მაგრამ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება (მით უმეტეს არა ვადის მიცემით არამედ საკმაოდ მოკლე დროში), სასურველი იყო უფრო მეტი კონსულტაცია ჩატარებულიყო და ნაკლები კითხვები გაჩენილიყო. ეს რეფორმის პირველი ნაბიჯია და მისი საბოლოო მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდაა.

მისასალმებელია, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის საბჭოს შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეები, ასოციაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი თუ კერძო კლინიკები ჩაერთვებიან რეფორმის სწორად გატარებისთვის“, – ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები მტკივნეული იქნება, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელად მიაჩნია აღიკვეთოს ის ტენდენციები, რაც ზოგადად ჯანდაცვის სექტორში მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ანუ როდესაც პაციენტი ჭარბ მომსახურებას იღებს. „როდესაც კლინიკის თავისუფალი არჩევანის მეთოდი არსებობს სექტორში არასასურველი მოტივაციის გაჩენის შესაძლებლობაც დიდია. სწორედ ამიტომ ნაცვლად იმისა რომ წახალისდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ხალისდება ზედმეტი მომსახურების მიწოდება“, – ამბობს ზოიძე და უმთავრესად მაინც პროცესის გამჭვირვალობას და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობას მიიჩნევს. „სარგებელი უნდა მიიღოს პაციენტმა, სახელმწიფომ, ექიმმა და კლინიკამ“.

ციფრები ჯანდაცვაში

სექტორს, ისევე როგორც ბევრ სხვა მიმართულებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უჭირს. 2019 წლის სამ კვარტალში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში 11,2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, სრული მოცულობა მესამე კვარტალზე მოდის, პირველ კვარტალში მობილიზებული 0,8 მლნ დოლარის ინვესტიცია, ფაქტობრივად მეორე კვარტალში გადინებით დასრულდა. კარგი მდგომარეობა ინვესტიციების თვალსაზრისით არც 2018 წელს იყო, სულ 12,4 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, კიდევ უფრო ნაკლები 5,9 მლნ დოლარი იყო 2017 წელს.

კვლავინდებურად დაბალია მშპ-ში სექტორის წილი. მესამე კვარტლის მონაცემებით, ის 4%-ს არ აღემატება, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ს მიაღწია და მიმდინარე ფასებში 489 ათას ლარს გადააჭარბა.

სექტორში 71 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, შრომის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კი 1 107 ლარს არ აღემატება.

უნდა ითქვას რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე ზრდის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას, ბოლო წლების განმავლობაში ის თითქმის გასამმაგდა და 2019 წლის მონაცემებით 1,1 მლრდ ლარამდეა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველადაც სახელმწიფო გვევლინება. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, სწორედ ამან მოიზიდა სექტორში ინვესტიციები, თუმცა მისი თქმით, ინვესტიციები არა ხარისხში არამედ რაოდენობაში გადადის.

წლის განმავლობაში ინფლაციის მაღალმა ტემპმა და გაუფასურებულმა ლარმა გავლენა იქონია, როგორც ჯანდაცის სერვისებზე ასევე მედიკამენტების ფასებზე, რაც ერთგვარ ზეწოლად იქცა როგორც მომხმარებლისთვის ასევე საყოველთაო ჯანდაცვისთვის. საქსტატის მონაცემებით, ფასები 3%-ზე მეტად გაიზარდა, მათ შორის ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი – 3%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 7%-ით გაძვირდა,თუმცა ეს მაჩვენებლები წლიურ ჭრილშია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან კი ფასები თითქმის გაორმაგებულია.

ვერ გაამართლა 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამამ, არც მომხმარებელია კმაყოფილი და შემუშავებულია რეკომენდაციები მის გადახედვასთან დაკავშირებით.

გაციფრულების ეპოქაში სექტორი 2019 წელსაც ელექტრონულის ნაცვლად ისევ ქაღალდომანიის ტყვეობაში  დარჩა, ანუ ექიმებს პაციემტების მკურნალობის პარალელურად ათასგვარი დოკუნენტის წარმოება უცევთდა ლამის კლერკებად არიან ქცეული.

გამოწერილი მედიკამენტების სიჭარბე, დიაგნოზის დასმის ცდომილება და ხარისხი კვლავინდებურად მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. ასე რომ გამოწვევები ჯანდაცვის სექტორს 2020 წელშიც გადაყვება, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც დადგენილება #520 რჩება.

წლის გარიგება და ინვესტიცია

წლის მნიშვნელოვან ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) გადაწყვეტილება. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის ემიტენსი Georgia Healthcare Group-ის შვილობილი “ევექსის ჰოსპიტალების” ობლიგაციებში 19,5 მლნ ლარი დააბანდა. ემისიის შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით ვალის ნაწილის რეფინანსირება მოხდება, იგეგმება კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა. ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მლნ ლარია.

წლის გარიგებად შესაძლოა მივიჩნიოთ “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ მიერ ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების შეძენა. შედეგად ჯიპიაი ჰოლდინგი კლინიკების ბიზნესიდან გავიდა, სამაგიეროდ გაფართოვდა “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსის“ 100%-იანი წილი შეიძიენა და 17 კლინიკის მფლობელი გახდა.

ახალი მენეჯმენტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულია „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის განახლება, გადაირაღება და უახლესი ტექნოლოგიებით   აღჭურვა. ამაში „ქართული  ჰოსპიტალების  ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების  განხორციელებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძემ ბაზრის დატოვების მნიშვნელოვან მიზეზად სხვა საკითხებთან ერთად დაასახელა საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …