თბილისი (BPI) – საბითუმო მომსახურებაზე გლობალური ინტერნეტის ფასი 3,5-ჯერ მცირდება და ზედა ზღვრული ტარიფი 1 ივლისიდან ერთ მბ/წმ 32 ლარის ნაცვლად 9 ლარით განისაზღვრება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის შედეგების შემდეგ მიიღო.
კომისიის ცნობით, რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.
კომისიაში მიიჩნევენ, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა.
“საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.
ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად”, – აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.
კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა.
რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება.