გიორგი ცუცქირიძე: წლის ბოლოსთვის ინვესტიციების მოზიდვის ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვლება

თბილისი (BPI) – საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გამოითვლება ქვეყანაში შემომავალ და გამავალ ნაკადებს, ანუ ინვესტორებისთვის ვალდებულებების შემცირების პარამეტრებს შორის სხვაობით.

„2012 წლის შემდეგ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან საგარეო ვალდებულებების დაფარვის აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამდენად, ინვესტორების მიერ ვალდებულებების დაფარვამ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი შეამცირა. თუმცა თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს მხოლოდ შემომავალი ნაკადებით შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ის მკვეთრადაა გაზრდილი. 2019 წლის ორ კვარტალშიც ეს მაჩვენებელი მაღალია და დაახლოებით 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ეს გარემოება იმას მიანიშნებს, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის და ინვესტირება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინტენსიურია,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, საქართველოს ბოლო წლებში აქვს FDI-ის ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია, სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 2014 წლიდან დაიწყო. ბოლო ხუთ წელიწადში ასევე გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. მისი თქმით, ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 894,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ 2014 წელს FDI-ს თანაფარდობა მშპ-სთან 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს – 12 %-მდე, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგშიც. შედეგად, 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო.

„რაც შეეხება დარგობრივ მაჩვენებელს, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ინვესტიციების მოზიდვა მაღალტექნოლოგიურ დარგებში და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის მხარდაჭერა. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ახალი მთავრობის სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი შედეგზე ორიენტირებული სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის, ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მაღალი იქნება როგორც შემომავალი ნაკადების, ასევე წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …