გაძვირებული ცხოვრება და მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკა

თბილისი (BPI) – გაუფასურებული ლარის გამო გაძვირებული ცხოვრება და ინფლაცია, რომელიც 2017 წლის ივნისიდან მაქსიმუმზეა. როგორ აპირებს ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი და როგორ შეფასებებს იღებს მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკა? აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ივნისის ნაცვლად სექტემბერში გაამკაცრა და ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, პრევენციული ზომების მიღება დააგვიანა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდამ ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასწყისში მოახდინოს.

დღეის მდგომარეობით, არსებული ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი – 6.9 პროცენტი – მიზნობრივ სამ პროცენტს რომ ორჯერ აღემატება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზმა განაპირობა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მაღალი ინფლაციის გამო, ეკონომიკის ზრდას პრობლემები შეექმნას.

გვიდიანის მოსაზრებით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯერ კიდევ ივნისში უნდა გაეზარდა, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია დაიწყო და ინფლაციაზე ლარის გაუფასურების გავლენის საფრთხე მკაფიოდ გამოიკვეთა.

მისი განცხადებით, როდესაც ინფლაციისა და ვალუტის კურსის ურთიერთმიმართებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ არა ნომინალურ გაცვლით კურსს, არამედ ეფექტურ გაცვლით კურსს. ეფექტური კურსი თავის თავში გულისხმობს: ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნომინალურ გაცვლით კურსს, იმ იმპორტიორი ქვეყნის ნომინალურ გაცვლით კურსს, საიდანაც იმპორტს ვახორციელებთ და ამას დამატებული იმპორტიორ ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონე ანუ ინფლაცია.

„ეფექტურმა გაცვლითმა კურსმა გაუარესება როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ეკონომიკებთან მიმართებით, მაისიდან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ორ დიდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამოცოცხლებულმა ეკონომიკამ და იქ არსებულა პოზიტიურმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა ჩვენს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსი ეტაპობრივად უფასურდებოდა. ეს თავის მხრივ ნიშნავდა, რომ ეს ფაქტორი ინფლაციაზე ავტომატურად დაგვარტყამდა. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა და ინფლაციის მართვისა და მიზნობრივ ნიშნულზე დაჭერის თვალსაზრისით, გარკვეული პრევენცია არ მოახდინა. შესაბამისად, ამან შეუქცევადი სახე მიიღო. ამას დაემატა 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება ივლისსა და აგვისტოში ჯერ 14 და მერე 11 პროცენტით. ამან ინფლაციაზე წნეხი ერთი-ორად დაამძიმა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ჯერ 0.5 პროცენტით [სექტემბერში] და მერე რიგგარეშე კომიტეტის სხდომაზე ერთი პროცენტით – ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის თვალსაზრისით ძალიან დიდი ნახტომი იყო. ამან უკვე შექმნა პრობლემები და კიდევ შექმნის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის დაგვიანებით ზრდა შედეგსაც გვიან გამოიღებს.

„როდესაც მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ამას ხშირად საშუალოვადიანი პერსპექტივა აქვს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ რომ მონეტარული პოლიტიკა ივნისში გაგვემკაცრებინა, ინფლაციის მართვის თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიგვეღო და ბერკეტები გამოგვეყენებინა, დღეს შედეგი უკვე დადგებოდა. მაგრამ სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდილმა განაკვეთმა შედეგი შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოიღოს“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით უკომპრომისო და გაბედული უნდა იყოს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მდგენელია.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად, ინფლაციური რისკის გაძლიერებას ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდაც იწვევს.  აღსანიშნავია,რ ომ ოქტომბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის 99 პროცენტი რუსეთზე მოდის, რაც გარდა ინფლაციური წნეხისა, რისკს ქვეყნის უსაფრთხოებასაც უქმნის.

გვიდიანის მოსაზრებით, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ არსებული ინდიფერენტული პოლიტიკა და ხელისუფლების ზედმეტად კომპრომისული მიდგომა იწვევს.

„ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რაც დღეს არსებობს, გარკვეულწილად ინდიფერენტული დამოკიდებულება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ და მეორე მხრივ, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით, ხელისუფლების მხრიდან უკომპრომისო დამოკიდებულების არქონა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ჰიდროენერგეტიკის განვითარების მხრივ საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს. ჩვენ დაახლოებით 15 500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის განვითარება შეგვიძლია და დაახლოებით 3 000 მეგავატი გვაქვს ათვისებული. კილოვატსაათებში თუ გადავიყვანთ, ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატსაათის აუთვისებელი რესურსი არსებობს. საღი აზრის ფარგლებში ამის განხილვა წარმოუდგენელია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი ენერგოობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო. ის რესურსები, რაც გაგვაჩნია, მათ შორის დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ჩათვლით, უნდა ავითვისოთ“, – განმარტა ანდრია გვიდიანმა.

მისი მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც რუსულ ელექტროენერგიაზე მზარდ დამოკიდებულებას არ აპროტესტებენ.

„გახსოვთ ალბათ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან ძალიან ნეგატიური კომენტარები გაჟღერდა, რომ გაზმომარაგების კუთხით რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაზმომარაგების თვალსაზრისით, ქვეყნის რუსეთზე დამოკდიებულება ისტორულად ყველაზე დაბალია – სულ 3 პროცენტს შეადგენს. როდესაც ელექტროენერგიაზეა საუბარი, აქ რომ არის რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთი ელექტროენერგიის კუთხით ერთ-ერთი მთავრი მომმარაგებელია, ამაზე არავინ საუბრობს. თუ ენერგოდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის სექტორი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით გაბედული და უკომპრომისო ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისი განმარტებით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მთავარ პრობლემას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენს.

„მთავარი აქ არის კომუნიკაციის საკითხი. გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. მწვანე არასმთავრობო ორგანიზაციები ხშირად დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას ხელი შეუშალონ. ამის საპირწონედ კი არაფერი ხდება, მათ შორის არც ხელისუფლების მხრიდან. არ არის საზოგადოებასთან აგრესიული და ასე ვთქვათ, კონსტრუქციული კამპანია, რომ აუხსნან ჰიდროსადგურების სარგებელი, რატომ უნდა აშენდეს. მოსახლეობის უმეტესობამ არც იცის ეს სარგებელი და მათთვის ინფორმაციის მთავარი წყარო ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, ახალი ელექტროობიექტის მშენებლობას ხელი შეუშალონ“, – აცხადებს გვიდიანი.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …