თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.
უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა (მოვარდნილი ტალღის დონემ მდ. მესტია-ჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა).
წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე – 14 :00 სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი მესტია-ჭალის ხეობაში იმყოფება, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.
ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით აღინიშნება მდ. მესტია-ჭალის წყლის დონის კლება. 24 ივლისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და გავრცელდა გაფრთხილება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი ნალექების, პატარა მდინარეებზე შესაძლო წყალმოვარდნების და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესახებ.
სინოპტიკოსების განმარტებით 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას გააცნობს საზოგადეობას.