ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იანვარში დასრულდება

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას. აგრეთვე, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების,  ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის  სამუშაოები.

ბოდბეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევს ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. დღეის მდგომარეობით, ტურისტები და მომლოცველები  ავტოტრანსპორტს  აჩერებენ მონასტრის წინა მოედანზე. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნება საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …