თბილისი (BPI) – ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – თანაბრად განვავითაროთ ჩვენი რეგიონები და ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ სიღარიბე, განაცხადა პრემიერმა ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც თითოეულია საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება.
„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა, პროგრამა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი ტიპის და მსგავსი დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს ჩვენ სამეგრელოში. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით ფაქტობრივად შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი არ წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.