ბაირახტარი ზოიძეზე: ეს ადამიანი ეკონომიკას კლავს

თბილისი (BPI) – ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ვიცე-პრეზინეტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში თამბაქოს ახალი კანონის შედეგებზე ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს. წერს, რომ აკაკი ზოიძე მსგავსი გადაწყვეტილებებით ეკონომიკას პრობლემებს უქმნის.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თამბაქოს მუდმივი გაძვირება მოიტანა შედეგად, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების გეგმა კი თამბაქოს გაძვირებით უტოპიად აფასებს.

ბაირახტარი მიმოიხილავს თამბაქოზე აქციზს, რომლის ზრდაც 2012 წლიდან დაიწყო და პერმანენტულად იზრდებოდა.

“მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულება ერთბაშად 0.60 ლარით გაიზარდა. ამ აქციით მთავრობა „2 კურდღლის“ ერთად დაჭერას შეეცადა. კერძოდ კი აქციზის კოლოსალური ზრდით ცდილობდნენ თამბაქოს მოხმარება შეემცირებინათ, რაც თავის მხრივ უტოპიაა, ხოლო მეორე მხრივ აქციზის გაზრდით ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ელოდნენ. რითაც იმხანად ბიუჯეტში 500 მლნ-იანი დეფიციტი უნდა დაებალანსებინათ, რომელიც გადასახადების “ესტონური მოდელის” შემოღებამ წარმოქმნა. მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოჩნდა იდეის ავტორებს „ორივე კურდღელი“ ხელიდან დაუსხლტათ. მთავრობამ აქციზის ზრდით ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ თუ 2016 წლის 7 თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მლნ ლარს მიაღწია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მლნ ლარს არ აღემატებოდა. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების შემცირებას, არც ეს გამოვიდა, ვინაიდან მომხმარებელი ფილტრიანი თამბაქოდან, ადგილობრივ უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.

მართალია რეგულაციებმა ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მაგრამ წყალი ადგილობრივი წარმოების წისქვილზე დაასხა იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, უფილტრო სიგარეტის 90%- მეტი კი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა. კერძოდ, თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოა, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ -მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა. თუმცა ადგილობრივი წარმოების მსგავსი განვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, „ჯანმრთელობისთვის მებრძოლებმა“ ახალი რეგულაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა. რის შემდეგაც, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ადგილობრივი წარმოება, იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე ოდესმე და პრაქტიკულად გაკოტრებისთვის გაიწირა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამხელა ეკონომიკური მსხვერპლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, მეტიც მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ამ პრობლემის გადაჭრასაც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, აკაკი ზოიძე უცვლელი ფორმით, გადასახადების გაზრდით ცდილობს. რამდენად შეამცირებს ეს ინიციატივა მწეველთა რაოდენობას რთული სათქმელია, თუმცა ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკურ რისკებს რომლისკენაც ეს ინიციატივა მიგვაქანებს. კერძოდ საუბარია კონტრაბანდულ რისკზე, რომელიც ბოლო წლებში, ისედაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობას ციფრებში შევხედავთ. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48 საქმემდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. რაც შეეხება 2018 წელს, მართალია გასული წლის მონაცემები სრულად ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ წინა წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აქ საუბარია იმ შემთხვევებზე რაც გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა, ხოლო რაც ვერ გამოავლინა ის ცალკე საკითხია.

პ.ს. ხოდა ეს ის თანხაა რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება, ეს ის ბიზნესებია რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ასაქმებს, ეს ის ეკონომიკაა რომელსაც თუ არ ვადგებით ხელს მაინც არ უნდა ვუშლიდეთ.

პ.ს. აღარაფერს ვამბობ იმ პატარ-პატარა ბიზნესებზე რომელსაც, ამ გაუაზრებელმა კანონმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა”, – წერს ბაირახტარი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …