რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აჭრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
,, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს.
პროექტის ფარგლებში ბათუმში შეიქმნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის.
სახელმწიფო მიმდინარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი, ტურისტული ინფრასტრუქტურა.