ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – 31 მარტს, ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და, ყოველწიურად გაიმართება. „ტურისტერის“ მიზანია, ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა  და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან: ტურიზმის ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა.

„საქართველოში ბევრი უნდა ვსაუბრობთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ  დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს.

„ფესტივალი „ტურისტერი“  კარგად გამოკვეთს დარგში არსებულ გამოწვევებს. ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს და თითოეულ მათგანზე ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე. ფორუმზე იმსჯელებენ სამ ძირითადი მიმართულებაზე:

1. საკანონმდებლო რეგულაციები;

2. ტურიზმის პოლიტიკა;

3.  კლიმატური ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება.

ფორუმი გაგრძელდება საუბრებით ტურიზმზე, სადაც დარგის სპეციალისტები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, როგორიცაა – მარკეტინგი, კულტურა, მეწარმეობა, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს“,- განმარტავს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი.

ფორუმის პარალელურად კლუბ “ბოტანიკოში“ ტურიზმის სფეროს სტარტაპების გამოფენა გაიმართება.

„სტარტეპების გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან დაკავშირებით. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიის, მათ შორის, მაღალ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტული პროდუქტებს“, – განმარტავენ  ფესტივალ „ტურისტერის“ ორგანიზატორები.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.

„სპონსორებთან უკვე შეთანხმებულნი ვართ საუკეთესო იდეების დაფინანსებაზე. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით უკვე გამოცხადდა იდეების შეგროვების კონკურსი. შეიქმნება ერთგვარი იდეების ბანკი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნობთ და, დაინტერესების შემთხვევაში, მათი კავშირი შედგება“, – განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი.

ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე, აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. „ტურიზმის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარული სამზარეულო დიდი პოტენციალის მატარებელია და ამ პოტენციალს სწორად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.

სპიკერების, პანელისტების, ბილეთების და დამატებითი დეტალების გასაგებად, ესტუმრეთ ფესტივალის ვებგვერდს: https://tourister.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …