აჭარის მთავრობა ქონებას კვლავ არაკონკურენტულ გარემოში ასხვისებს

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა პრაქტიკას არ ცვლის და ქონებას კვლავ არაკონკურენტულ გარემოში ასხვისებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2017 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირობიანი აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და უსასყიდლოდ გასხვისებული ქონების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და გაანალიზა.

მსგავსი შინაარსის კვლევა ორგანიზაციამ 2018 წლის მარტშიც გამოაქვეყნა, რომელშიც 2013-2016 წლების მონაცემებია შეფასებული.

კვლევაში მიმოხილულია აჭარის ქონების პირდაპირი გზით და პირობიანი აუქციონით გასხვისების ტენდენციები, კომპანიებთან მოშლილი ხელშეკრულებები და ქონების მიმღები პირების პოლიტიკური შემოწირულობები.

საკვლევ პერიოდში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ტენდენციები და სტატისტიკური მონაცემები:

  1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისებული 33 ობიექტის ნასყიდობის საფასურმა 1 989 157 ლარი, საინვესტიციო ვალდებულებამ კი 46 534 000 ლარი შეადგინა. წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისებული ქონების რაოდენობამ მოიმატა, საინვესტიციო თანხა კი შემცირდა. 2013-2016 წლებში პირდაპირი გზით 26 ობიექტი გასხვისდა, საინვესტიციო ვალდებულებამ კი 920 მილიონ ლარამდე შეადგინა.
  2. პირობიანი აუქციონის ფორმით გასხვისებული ქონების საინვესტიციო თანხა 3-ჯერ აღემატება პირდაპირი მიყიდვის გზით დაგეგმილ ინვესტიციას.
  3. პირობიანი აუქციონის წესით 37 ობიექტი გასხვისდა. ამ შემთხვევაში პრივატიზების საფასურმა 85  105 500 ლარიშეადგინა, ხოლო საინვესტიციო თანხამ – 300 770 000 ლარამდე. 37 ქონებიდან  მხოლოდ 8 ქონება გაიყიდა ერთზე მეტი ბიჯით, 29 შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
  4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში 16 კომპანიას გადაეცა (2017 წლამდე პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონება ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლზე სხვისდებოდა).  აჭარის მთავრობას არც ეს  ქონება გაუსხვისებია  კონკურენტულ გარემოში.
  5. პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების მიმღებთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანია ფიგურირებს: შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ (მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები 686 382 ლარად შეიძინა) და შპს „ზიმო“, რომელმაც 19 600 ლარად 19 ცრუ ქაფურის ხე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიძინა.
  6. საკვლევ პერიოდში 40 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ქონება საინვესტიციო ვალდებულებით ჰქონდა გადაცემული, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდა. ამასთან, 14 იურიდიულ/ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება მოიშალა.
  7. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა” პირობიანი აუქციონის ფორმით მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ 3239,62 კვ/მ შენობა (უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტური საცხოვრებელი) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 4 600 000 ლარად შეიძინა.
  8. ბათუმში, საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, 1 ლარად მიწის ნაკვეთი ბინათმშენებლობის მიზნითაც გაიცა – 2897 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „გ2 ბილდინგს” გარკვეული სოციალური და საინვესტიციო  პროექტების განხორციელების პირობით გადაეცა.
  9. აჭარის მთავრობას ინვესტორებთან ერთგვაროვანი მიდგომა არ აქვს – ზოგ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში პირგასამტეხლოს გადახდისგან ათავისუფლებენ და ამასთან, აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით ვადებს უწესებენ მაშინ, როდესაც სხვა კომპანიებს ამგვარ საშეღავათო პირობებს არ სთავაზობენ.

პირდაპირი მიყიდვის  ფორმით გასხვისებული ქონება

2017-2018 წლებში პირდაპირი მიყიდვის წესით  გასხვისებული ქონების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონების რაოდენობა 2013-2018 წლებში:

პირდაპირი მიყიდვის ფორმის გახშირებული გამოყენების გარდა, საკვლევ პერიოდში პრობლემურად ჩანს მიწის ნაკვეთის ბინათმშენებლობის მიზნით 1 ლარად გასხვისებაც კომპანია „გ2 ბილდინგისთვის”.

კომპანიამ 2836 კვ/მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო, სანაცვლოდ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი ორი  9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაესრულებინა. კომპანიამ 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა (ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ხუთი სართული უკვე აშენებული იყო), თუმცა მიღებულ მიწის ნაკვეთზე ახალი კორპუსის მშენებლობას ვერ იწყებს, რადგან მომიჯნავედ ავარიული კორპუსი მდებარეობს და მშენებლობა მას საფრთხეს შეუქმნის. შესაბამისად, შპს „გ2 ბილდინგს” 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და სამინისტროსთვის 850 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის გადაცემის ვალდებულება ჯერ არ შეუსრულებია.

სიმბოლურ თანხად (1 ლარად) გასხვისებულ ქონებას მაშინ აქვს გამართლება, როცა მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა ხდება.

სამინისტროდან  გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზი მიუთითებს, რომ  2017-2018 წლებში, 2013-2016 წლებთან შედარებით, პირდაპირი წესით გასხვისებული ქონების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, საინვესტიციო თანხის მოცულობა შემცირდა, რაც პროცესის ეფექტიანობაზე კითხვებს აჩენს.

2013-2016 წლებში პირდაპირი მიყიდვით 26 ობიექტი გასხვისდა, დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა კი 343 მილიონ დოლარამდე იყო, 2017-2018 წლებში კი პირდაპირი გზით 33 ობიექტი გასხვისდა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება სულ 47 მილიონ ლარამდეა.

დეტალური ინფორმაცია პირდაპირი მიყიდვით ქონების მიმღები კომპანიების, მათი მეწილეების  საინვესტიციო და საპრივატიზებო საფასურის შესახებ იხილეთ  თანდართულ დანართ 1-ში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს უსასყიდლოდ და 1 ლარად 399 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები და მასზე მიმაგრებული  მიწის ნაკვეთები გადასცეს, რადგან ქონების გაცემა საინვესტიციო პირობით არ მომხდარა, შესაბამისად ეს მონაცემები სტატისტიკაში არ აგვისახავს[1].   

პირობიანი აუქციონით გასხვისებული ქონება

საკვლევ პერიოდში აჭარის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი პირობიანი აუქციონის წესით გასხვისდა. აუქციონით, მთავრობის მიერ დადგენილი პირობის მიხედვით, 37  ობიექტის პრივატიზების საფასურმა 88 059 500 ლარი, ხოლო საინვესტიციო თანხამ დაახლოებით  300 000 000  ლარი  შეადგინა.

რამდენად ეფექტიანად განკარგავს მთავრობა აჭარის ქონებას, ამის საილუსტრაციოდ  ჩვენ ორი მონაცემი შევადარეთ ერთმანეთს – პირდაპირი მიყიდვიდან და პირობიანი აუქციონიდან მიღებული შემოსავლები და დაგეგმილი ინვესტიციები:

პირდაპირი მიყიდვის წესთან  შედარებით, პირობიანი აუქციონის ფორმა მეტად გამჭირვალეა, თუმცა აქაც კონკურენცია ნაკლებად შეინიშნება: 37 გასხვისებული ქონებიდან მხოლოდ 8 გაიყიდა ერთზე მეტი ბიჯით, 29 შემთხვევაში კი გამარჯვებულ კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ.

კითხვებს აჩენს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხების  ოდენობა. თვალსაჩინოებისთვის ავიღეთ აუქციონით გასხვისებული ორი  ქონება, რომელიც ერთსა და იმავე ქუჩაზე (ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე) მდებარეობს და  შევადარეთ მათი აუქციონზე გასხვისების საწყისი საფასურები: ორივე ქონება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ შემთხვევაში  1 კვ/მ  ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურია 940 ლარი, ხოლო  მეორე შემთხვევაში – 3 649 ლარი.

გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე  ორი ქონების საწყის საფასურებს შორის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოთხოვნის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ქონებათა შეფასების ექსპერტული დასკვნები არ მოუწოდებია, რამაც საშუალება არ მოგვცა, დაგვედგინა ასეთი სხვაობის მიზეზი. კანონმდებლობის თანახმად, სამინისტრომ შეიძლება საბაზროზე დაბალ ფასად გაყიდოს ესა თუ ის ქონება, თუ არსებობს დარგის ექსპერტის შესაბამისი დასკვნა.

კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის მოწოდებული ქონების შეფასების 22 ექსპერტული დასკვნიდან 21  ერთი და იმავე აუდიტორის მიერა არის  მომზადებული.

აუქციონის ფორმით ქონების მიმღები კომპანიების, მათი მეწილეების  საინვესტიციო და საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში 2-ში.

ჯარიმებისგან გათავისუფლებული ინვესტორები და კომპანიებთან  მოშლილი  ხელშეკრულებები

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საკვლევ პერიოდში 40 ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.

2017 წლის მდგომარეობით, ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 22 კომპანიას და ფიზიკურ პირს დაეკისრა, 2018 წელს კი 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

პირგასამტეხლო არ დაკისრებია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შპს „ბიზნეს დეველოპმენტ – ჯარიმის დაკისრებამდე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  კომპანიას ვალდებულებების შესრულება გადაუვადა.

ვალდებულებები არ შეასრულა „აჭარა რიზორთ ბვ”-მაც და შედეგად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 18 ერთეული ქონება უკან დაიბრუნა.  ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო არც ამ კომპანიას დაკისრებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულებები გადაუვადა და პირგასამტეხლოებისგან გაათავისუფლა ისეთი კომპანიები, რომლებიც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევებში 2013 წლიდან  ხვდებიან, კერძოდ:

  1. „რეკან გრუპ ჯორჯია” – 1 299 375 ლარისა და  415 473 აშშ დოლარი ჯარიმისგან გათავისუფლდა და ისევ მიეცა დამატებითი ვადა.
  2. შპს „სტატოტელი”-        1 042 650 ლარი ჯარიმისგან  გათავისუფლდა და პირობების შესასრულებლად  დამატებითი ვადა მიეცა.                  
  3. „დს გრუპი”  –                 71 733 ლარის ჯარიმისგან გათავისუფლდა და დამატებითი  ვადა მიეცა
                             

2017-2018 წლებში ხელშეკრულებები სულ 14 კომპანიასთან მოიშალა (იხილეთ დანართი 3) . მათ შორისაა კომპანია „აქთივ ბათუმი”, რომელმაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გამო სასამართლოში იჩივლა. კომპანია ითხოვს, რომ ქონების შესაძენად გადახდილი თანხა და პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯი აუნაზღაურდეს: „აქთივ ბათუმს” ქონება 2010 წელს 500 000 აშშ დოლარად  გადაეცა. მიწის ნაკვეთი კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია, რის გამოც კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღო. გარდა ამისა, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით, 1 333 500 დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

შთაბეჭდილება იქმნება, რომ აჭარის მთავრობას არ აქვს ერთიანი მიდგომა  ინვესტორებისადმი: თუ „აჭარა რიზორთ ბვ”-მა 2006 წელს მიღებული 18 ობიექტი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ავტონომიურ რესპუბლიკას 2017 წელს უკან ისე დაუბრუნა, რომ პირგასამტეხლო არ დაკისრებია, ამ პრივილეგიით ვერ ისარგებლა „აქთივ ბათუმმა”, რადგან  მასთან ხელშეკრულებაც მოიშალა და ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთანაც 2017-2018 წლებში ხელშეკრულებები მოიშალა, იხილეთ დანართ 2-ში.

ქონების მიმღები კომპანიები და პოლიტიკური შემოწირულობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პირდაპირი წესით და პირობიანი აუქციონით მყიდველი კომპანიების ნაწილს სხვადასხვა დროს  პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა – აგრო-ქედა”რომელსაც ქონება  პირდაპირი მიყიდვით აქვს შეძენილი, 2017 წელს 36 053 ლარის პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლდა. კომპანიის მესაკუთრე „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” კი 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას” ჯამში 240 ათასი ლარი გადაურიცხა.
  • შპს „ნიუ თაიმის” 100%-იანი წილის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ 2014 წელს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 40 000 ლარი შესწირა. 2017 წელს კი 50 080 ლარად ხულოში, კურორტ ბეშუმში 31 130 კვ.მ მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინა.
  • შპს „ალიანსს” 2018 წელს  ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით აქვს შეძენილი ქობულეთში. ამ კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელმა  აკაკი სონღულიამ 2014 წელს, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 20 000 ლარი შესწირა.

რეკომენდაციები

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის თავმჯდომარეს ქონების განკარგვის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს, კერძოდ, შეუძლია, თავისი შეხედულემისამებრ, აირჩიოს ქონების მიყიდვის ფორმა და სუბიექტიც, რაც ქმნის გაუმჭვირვალე, ფარული გარიგებების რისკს.

შესაბამისად, აუცილებელია:

  1. პირდაპირი მიყიდვის დროს  დადგენილი იყოს გარკვეული პირობები, რომელსაც ქონების მიმღები სუბიექტი  დააკმაყოფილებს – ავტონომიური ქონების გასხვისების მოქმედი პოლიტიკა მეტყველებს, რომ შესაძლოა მყიდველი მიკერძოებულად შეირჩეოდეს, რაც კორუფციის რისკებს წარმოშობს,
  2. ინვესტიციების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით, ინვესტორებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა უნდა იყოს მთავრობის პრიორიტეტი, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობამ ერთგვაროვანი მიდგომა გამოიყენოს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი ფარულ გარიგებებსა და კორუფციაზე.
  3. აჭარის მთავრობამ უნდა გადახედოს ქონების გაყიდვის პოლიტიკას: პირდაპირ წესით გასხვისება უნდა ემსახურებოდეს ინვესტიციების მოზიდვას. ქონების სამართლიანად და ეფექტიანად განკარგვა კი ეკონომიკის სტიმულირებას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …