აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყანაში კალათბურთის განვითარების მიზნით, ფედერაციასა და საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შედეგი განსაზღვრულია ზოგადად და არ არსებობს მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა.

იქვე მითითებულია, რომ კემპისათვის მონაწილეთა შერჩევა არ ეფუძნება გამჭვირვალე შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმებს.

„გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით შეირჩა ქართულ კემპში მოთამაშეები და რატომ არის განსხვავება წლების მიხედვით მოთამაშეთა შესარჩევ კონტიგენტს შორის. სახელშეკრულებო პირობები და კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში კლუბში მომზადებული კალათბურთელების გაყიდვის, ტრანსფერის ფაქტის დადგენისა და შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისად ფინანსური სარგებლის მიღების სამართლებრივი მექანიზმების არსებობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მომსახურების ანაზღაურების წესი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.

ამავდროულად ხელშეკრულებით და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატით“ არ არის განსაზღვრული გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას.

„2015-2018 წლებში ფედერაციის ვალდებულება, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შესახებ შესრულებულია სრულად. ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას ამ ეტაპზე არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება დაიწყებოდა 2017 წლიდან“, – მითითებულია ანგარიშში.

იქვე ნათქვამია, რომ „სასკი ბასკონიის“ მიერ გაწეული ტექნიკური მომსახურების ანაზღაურება განხორციელებულია მხოლოდ წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე, ხარჯვითი ოპერაციების ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე.

აუდიტის სამსახური ხარვეზებს ხედავს მივლინებეებისა და დაფინანსებას შორის. „მივლინებული პირების რაოდენობებსა და სამივლინებო ხარჯების მოცულობებს შორის არის არსებითი ხასიათის შეუსაბამობები. არ არის განსაზღვრული და შეთანხმებული ქართულ კემპში მონაწილე ესპანელ სპეციალისტებზე ასანაზღაურებელი ჰონორარის ოდენობა. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა არ შექმნილა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით მწვრთნელების „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში, 3 თვის განმავლობაში მომზადება − არ განხორციელებულა“, ნათქვამია კვლევაში.

აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას რეკომენდაციებსაც სთავაზობს, კერძოდ,

– „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმდეს მისაღწევი შედეგის კონკრეტული ინდიკატორები, განხილულ იქნეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასების ანგარიში.

– მოთამაშეთა მომზადების ნაწილში შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ხელშეკრულების ფარგლებში შემუშადეს გრანტით დაფინანსებული კალათბურთელების გაყიდვის/ტრანსფერის ფაქტის დადგენისა და ფედერაციასთან მისი პირობების შეთანხმების მექანიზმი. განხორციელდეს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული კალათბურთელების სხვადასხვა საკალათბურთო კლუბებში სატრანსფერო „მოძრაობის“, ასევე მომზადების ვადის გასვლის შემდეგ ხსენებული მოთამაშეების „სასკი ბასკონიასთან“ გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

– „სასკი ბასკონიის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, წარმოდგენილი საბანკო (სადაზღვევო) გარანტიით განისაზღვროს მისი ამოქმედების კონკრეტული პირობები და ვადები.

– ფულადი სახსრების მიზნობრივი და რაციონალური/პროპორციული ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეთა შორის შეთანხმებით განისაზღვროს ტექნიკური თანამშრომლობის ნაწილში ხარჯების სხვადასხვა ელემენტის (სპეციალისტების ჰონორარი, ტრანსპორტირების ხარჯი, სპორტული ინვენტარის შეძენა და ა.შ.) მოცულობა და ანაზღაურების კონკრეტული წესი. ანაზღაურება განხორციელდეს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …