თბილისი (BPI) – „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ სამედიცინო გადაცდომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ასციაციაში განმარტავენ, რომ განვითარებული ქვეყნებში არსებული პრაქტიკით, პროფესიული საქმიანობისას დაშვებული შეცდომისას დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება. მაშინ როდესაც არ არის შესწავლილი რამ გამოიწვია პაციენტის ლეტალური შედეგი, არ არის დადგენილი დანაშაულის ნიშნების არსებობა და გარემოებები, თუ რამ გამოიწვია შესაძლო საექიმო შეცდომა.
„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აზრით შესაბამისმა ორგანოებმა შსს/პროკურატურამ ნებისმიერი შეტყობინებისას უპირობოდ არ უნდა დაიწყონ გამოძიება (116 მუხლით- სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). არამედ უნდა გაატარონ ოპერატიული ღონისძიებები და დაელოდონ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს (პროფესიული საბჭოს) დასკვნას. რის შემდეგაც თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაძლებელი იქნება გამოძიების დაწყება.
ვფიქრობთ, საქართველოში დანერგილი პრაქტიკის შეცვლა მნიშვნელოვანი იქნება ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეწყვიტავს ექიმთა პასუხისმგებლობის უპირობოდ სისხლის სამართლებრივ ჭრილში განხილვის მანკიერ პრაქტიკას.