არაბული “მასდარი” საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას” წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის” წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „მასდარის” საქართველოში სტუმრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „მასდარმა”, რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „მასდარი” განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …