ანონსი, რომ ინფლაციამ კლება უნდა დაიწყოს, რეალურია, თუმცა რა გველოდება წინ, ეს დამოკიდებულია მსოფლიოში კოვიდის შემდგომ სიურპრიზებზე – გიორგი აბაშიშვილი

გაცვლითი კურსი კონკურენტულია და ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებული, შეინიშნება ტურიზმის გამოცოცხლება – მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, – ასე ხსნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი ლარის კურსის გამყარების მიზეზებს.

როგორც გიორგი აბაშიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რა გველოდება წინ, ეს გარკვეულწილად მსოფლიოში კოვიდის შემდგომ სიურპრიზებზეა დამოკიდებული.

„გაცვლითი კურსის კონცეფცია ისაა, რომ განსაკუთრებულად ზუსტი დიაგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა წლის ბოლოს ყველა მაჩვენებელი მოასწავებდა იმას, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო გამყარებული ლარი, რასაც მეორე მხრივ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გავლენა უნდა მოეხდინა ინფლაციის შემცირებაზე. ბოლო პერიოდის ეკონომიკური ყველა ტენდენცია ამ მიმართულებით მიდიოდა. ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომ გაცვლითი კურსი არის კონკურენტული, მეორე მხრივ, შეინიშნება ტურიზმის გამოცოცხლება, ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. ასევე, გავლენა იქონია ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებმა, რომელიც დაფიქსირდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კურსის გამყარებამდე. ის ანონსი, რომ ინფლაციამ კლება უნდა დაიწყოს, რეალურია. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყება. რამდენადაც ვიცი, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ როცა ვსაუბრობთ სრულყოფილ პროგნოზირებაზე, ცხადია, ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი სიტუაცია და ჯანდაცვაში არსებული მდგომარეობა, კოვიდი და კოვიდის შემდგომი მოვლენები. რა გველოდება წინ, ეს ასევე დამოკიდებულია მსოფლიოში კოვიდის შემდგომ სიურპრიზებზე, რაც იმედია, ნაკლები იქნება. ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს ტურიზმზეც, ბიუჯეტის ხარჯებზეც და ეკონომიკურ აქტივობებზე. ამ ნაწილის პროგნოზირებაა რთული, თორემ სხვა მხრივ, მოსალოდნელი შედეგი დადგა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება – რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10.5 პროცენტზე დაეტოვებინა, გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ ინფლაციური რისკები იყო.

„თუ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებდა, ბუნებრივია ამას შეიძლება ლარის კურსზე ემოქმედა“, – განაცხადა აბაშიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …