თბილისი (BPI) – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ პორტის პროექტში “სამწუხაროდ, პროგრესი არ ჩანს”.
სად არიან და რას აკეთებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში და სადაა დღეს პორტის პროექტი, ამ კითხვით დღეს bm.ge-იმ თავად პორტის განამხორციელებელ კონსორციუმსაც მიმართა. მათ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს და მცირე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლნენ.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან. კონსორციუმი მიყვება სამუშაო გრაფიკს და შესაბამისად, სიახლეებს შედეგებისა და პროგრესის შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ”, – აცხადებენ კონსორციუმში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას, რომელზეც “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამაც გამოთქვა ეჭვები – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” აცხადებენ, რომ კომერციული დასაბუთების კვლევა მასტერპლანის ნაწილია, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში და რომელზეც კოსორციუმის თქმით, წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობდნენ.
კონსორციუმში აცხადებენ, რომ კომერციული კვლევის გაცემის ნებართვა მათ არ აქვთ და ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროდან უნდა გამოვითხოვოთ.
თავად ანაკლიის პორტის მასტერპლანის პირველადი ვერსია კი, მომზადებულია კომპანია ADC-ისა და მის პარტნიორ Maritime & Transport Business Solutions-ის მიერ, რომელიც ჰოლანდიური კომპანიაა და სპეციალიზებულია უშუალოდ პორტებზე.
“მასტერ პლანის პირველადი ვერსია საქართველოს მთავრობას წარედგინა 2017 წლის 31 დეკემბერს, როგორც დაგეგმილი იყო. საქართველოს მთავრობამ საკუთარი შენიშვნები მასტერპლანზე 2017 წლის 16 მარტს გადააგზავნა. დოკუმენტი აერთიანებდა როგორც სხვადასხვა მინისტრების კომენტარებს, ასევე მთავრობის კონსულტანტის Port Consultants Rotterdam (PCR)-ის კომენტარებს”, – აცხადებენ კონსორციუმში და აღნიშნავენ, რომ პირველადი კომენტარების მიღების შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა დოკუმენტის გადახედვა, საბოლოოდ კი, ის 2017 წლის ბოლოს დამტკიცდა.
bm.ge